თბილისსა და ათენს შორის ავიამიმოსვლა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფარგლებში აღდგება

0
1817

საქართველოსა და საბერძნეთს შორის ნოემბერ-დეკემბერში რეგულარული ფრენები განახლდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, საკითხზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში თბილისში ჩამოსულ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან ჰქონდა საუბარი.

“ამ დღეებში საქართველოს საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი სტუმრობდა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მასთან. გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ საკმაოდ სწრაფად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფარგლებში, ავიამიმოსვლა აღდგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ნოემბერ-დეკემბრის საქმეა”, – აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ათენსა და თბილისს შორის მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდება.

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრის განცხადებით : “სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიტუაციაა. როდესაც შენ საქართველოს მსგავსი ქვეყანა ხარ, რომელსაც ბევრი სახმელეთო საზღვრის გზა აქვს, ეს, შესაძლოა, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მაგალითად, საბერძნეთისთვის, საჰაერო საზღვრების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის წარმატებისთვის. ჩვენ ინფიცირების შემთხვევების დაბალ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ.  – აცხადებს ხარის თეოხარისი აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.