საბერძნეთში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გააგრძელებს კარიერას

0
195

საბერძნეთის სუპერლიგის კლუბმა „ლამიამ“ 26 წლის ქართველ თავდამსხმელთან, ბაჩანა არაბულთან კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, არაბულმა კომენტარი გააკეთა.

„ბედნიერი ვარ, რომ „ლამიაში“ ჩავირიცხე. მოუთმენლად ველი, რომ გუნდის ფორმა მოვირგო და გულშემატკივრები და ქალაქი გავახარო. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწიოს,” – ამბობს ბაჩანა არაბული.

ტრანსფერს ბერძნული გამოცემა „სპორტ 24“ გამოეხმარა, სადაც ჟურნალისტი არაბულს დადებითად ახასიათებს:

„არაბულმა გასულ სეზონში სუპერლიგის „პანიონიოსში“ შესანიშნავად ითამაშა, იმის მიუხედავად, რომ გუნდი ლიგიდან გავარდა. მან ამ გუნდის მაისურით 30 მატჩი ჩაატარა – მის ანგარიშზე 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა“.

საბერძნეთში ახალი სეზონი დაიწყო და 2 ტური უკვე გაიმართა. „ლამიამ“ სტარტი ჩააგდო – გუნდს ჯერ ქულაც არ მოუპოვებია. საინტერესოა, რომ არაბულამდე გუნდში საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი ჩაირიცხა.