ემიგრანტის გულწრფელი წერილი საფრანგეთზე, ქართველ ემიგრანტებსა და მათ დამოკიდებულელებზე

0
1648

მართლა დიდი ხანი ვფიქრობდი ამ საკითხზე და არ შემიძლია რომ არ ვთქვა. სანამ დავიწყებ, გულახდილად ვამბობ, რომ არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, კონკრეტულად არავის ვეხები, ვსაუბრობ ზოგადად. ამიტომ, გთხოვთ, თვითგვემას ნუ დაიწყებთ კომენტარებში და ნუ დამადანაშაულებთ, რომ შეურაცხყოფას ვაყენებ ვინმეს…

ისე გახშირდა იმის თქმა, რომ თურმე დახმარებები, რომელთაც ქვეყანა თავშესაფრის მაძიებლებს აძლევს არაფერშია საკმარისი, რომ საცხოვრებლები თურმე აუტანელია, რომ თურმე საფრანგეთს ისინი ფეხებზე ჰკიდია და ა.შ. შეუძლებელია ამ ყველაფერს ასე მშვიდად უყურო. მე არასოდეს მქონია შეხება თავშესაფრის პროცედურასთან, თავად არ გამომივლია ეს ყველაფერი და მართალი ხართ თუ იტყვით, ასე განსჯა ადვილიაო. მაგრამ არავის განვჯი. სტუდენტობისას 580 ევრო მქონდა ხელფასი, 18 საათს ვმუშაობდი კვირაში. 450 ქირაში ვიხდიდი, ცალკე კომუნალურები, ტრანსპორტის ფული… და ვჭამდი 30 ევროდ თვეში. რას? მაკარონს, მაკარონს და მაკარონს.

წლებია ადამიანებთან მაქვს შეხება, რომლებიც აქ “ჩასაბარებლად” ჩამოდიან. ასე თუ ისე კარგად ვერკვევი სისტემაში და ბევრს ვეხმარები. ამიტომ რასაც ვწერ, გაცნობიერებულად ვწერ.

როცა ადამიანი ამხელა გზაზე მოდიხარ, არაფრით, ლტოლვილის სტატუსის საძიებლად, ცხადია უნდა გქონდეს გაცნობიერებული, რომ არავინ გაგიშვებს ლუქს აპარტამენტში, არავინ დაგინიშნავთ დახმარებას, რომლის ოდენობაც ექვსნიშნა იქნება. ისიც უნდა გქონდეთ ალბათ გააზრებული, რომ ეს პერიოდი, როცა თქვენი საქმე განსახილველად იქნება, ვერ იცხოვრებთ ისე, როგორც არისტოკრატი. ისიც უნდა გქონდეთ გააზრებული, რომ ეს დროებითია და როცა ადამიანი უკეთესი ცხოვრების საძიებლად ამხელა გზაზე მიდიხარ, ალბათ ყველაზე საშინელი რამისთვისაც უნდა იყო მზად… რაც შეეხება დახმარებებს და მათ საკმარისობას, ვერ წარმოიდგენთ რამდენი ადამიანი ითხოვს საფრანგეთშ თავშესაფარს ყოველწლიურად… 100 000 ადამიანი. ხომ წარმოგიდგენიათ რა თანხა, რა რესურსები იხარჯება ამდენი ადამიანის ფინანსური დახმარებისთვის, საცხოვრებლისთვის, დაზღვევისთვის, სამედიცინო დახმარებისთვის? ამას წინათ ვკითხულობდი, ერთი პატარა ქალაქის, ნანტის მერიამ იანვრიდან აგვისტომდე მიგრანტებზე 4 მილიონი ევრო დახარჯაო. ქუჩაში ხომ დადიხართ ხოლმე? არასოდეს შეგხვედრიათ ადგილობრივები, რომელთაც არც სახლი აქვთ და არც საჭმელი? კი, შეგხვდებოდათ.

ისევ დახმარების საკმარისობაზე რომ ვისაუბროთ, ამ დახმარებას მაშინ ღებულობთ, როცა თქვენი საზმე განხილვის პროცესშია. დღეს საშუალოდ 6 თვე ვთქვათ ეს პერიოდი (ცხადია, ხშირად შეიძლება გაცილებით მეტი იყოს). ამხელა გზაზე წამოსული ადამიანუ, რომელიც გამოექცა რაღაცას რომ გადარჩენილიყო (მნიშვნელობა არ აქვს გაჭირვებას თუ საფრთხეს), ალბათ უნდა იყოს მზად რომ მძიმე 6 თვეს გაუძლოს. შემდეგაც არ არის საკმარისი დახმარება? ადამიანო, თუ დარჩენის უფლებას მოგცემენ, გექნება უფლება იმუშაო და გააქანე რა ხელი თუ შეგიძლია… ჩვენ ტრაგედია ის არის, რომ ბევრი ეძებს ათასი სახის დახმარებას, რომ რაც შეიძლება მეტ სოციალურ შეღავათს გამოკრას ხელი, რაც შეიძლება ძლიერ გაასქელოს ბიუჯეტი და შემდეგ სახლში იჯდეს მშვიდად. მუქთად გვინდა კარგად ყოფნა  .

საქართველოში 200 საათზე მეტს ამუშავებენ ველურ პირობებში და 300 ლარია ხელფასი, აქ მუშაობ ჩვეულებრივ 150 საათს, მინიმუმ 1100 ევრო გაქვს ხელფასი, სრული სამედიცინო დაზღვევა და ბევრი უპირატესობა კიდევ… აი, ეს არის განხვავება. თუ უკეთესი ცხოვრების საძიებლად მოდის ადამიანი, ამ უკეთესი ცხოვრების აწყობას დახმარებების ხარჯზე და იმის იმედად კი არ უნდა გეგმავდეს, რომ რაც შეიძლება ბევრი რამ იშოვოს მუქთად, არამედ საკუთარი შრომის, ალბათ.

და ბოლოს, ვიცი, ბევრი დაწერს და შემომიტევს, ნახეთ ეს საფრანგეთის დამცველი, შენ რა გესმის ჩვენ რა პირობებში ვართო. არა, სულაც არ ვარ საფრანგეთის დამცველი. უბრალოდ არასასიამოვნოა, როცა იმ ქვეყანაზე, რომელშიც უკვე წლებია ხარ და რომელთანაც ძალიან ბევრი რამ გაკავშირებს, ასე აბსურდულად, უმიზეზოდ ამბობენ საშინელებებს…

წარმატებისთვის არავის მიუღწევია სახლში ჯდომით, ძილით, ჭამით და სეირნობით. 200 ევროსაც რომ ვიღებდეთ “მუქთად” სხვის ქვეყანაში, ადგილობრივი გადასახადების გადამხდელების ხარჯზე, ამაზეც მადლიერები უნდა ვიყოთ და საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ამასაც არ აკეთებს საკუთარი ხალხისთვის.

ნუ ჩამოხვალთ საფრანგეთში იმის იმედით, რომ ცხოვრებას სოციალური დახმარებების ხარჯზე აიწყობთ. ეს იმედი გაგიცრუვდებათ და უმიზეზოდ შეიძულებთ ქვეყანას და დაიწყებთ მის ლანძღვას. თუ უფლება გაქვთ, იმუშავეთ და აქედანაც კი მიხვდებით იმ უდიდეს განსხვავებას, რაც საფრანგეთსა და საქართველოში მუშაობას შორისაა.

ბოდიში თუ რამე უხეშად გამომივიდა.

პ.ს. მორალისტებს, პოპულისტებს, მგრძნობიარე თემებზე ფეხისდამბიჯებლების გთხოვთ ეს პოსტი გაატაროთ, მადლობა.