შრომითი მიგრციის კანონმდებლობა-ესპანეთში ლეგალურად დასაქმება

0
1745

ესპანეთში არსებობს სამუშაო ძალის დეფიციტი შემდეგ სფეროებში: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, ინჟინერია და წარმოებასთან დაკავშირებული მაღალკვალიფიციური პროფესიები, მენეჯერული და გაყიდვების სფეროსთან დაკავშირებული პროფესიები და ასევე ჯანდაცვის სფეროს სპეციალობები, საზღვაო სფეროს სპეციალისტები, პროფესიონალი სპორტსმენები, მწვრთნელები და ა.შ.

იმისათვის, რომ ესპანეთში ლეგალურად დასაქმდეთ, უნდა მოიპოვოთ სამუშაო ვიზა და ბინადრობის უფლება.

სამუშაო ვიზის გაცემის დროს ხდება ქვეყნის შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინება. კერძოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქის სამუშაო უნდა ხვდებოდეს დასაქმების ეროვნული სამსახურის მიერ შედგენილ „დეფიციტური პროფესიების“ სიაში. თუ ამ სიაში არ ხვდება, დამსაქმებელმა ვაკანსია უნდა გამოაცხადოს დასაქმების სამსახურის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები ვერ მოიძიებენ შესაბამის კანდიდატს ვაკანსიისთვის ადგილობრივი ან ევროკავშირის მასშტაბით, მათ შეუძლიათ მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაქირავება.

დამსაქმებელი აკეთებს განაცხადს შესაბამის უწყებაში, სადაც ითხოვს მუშახელისთვის სამუშაო ნებართვას და/ან ბინადრობის უფლებას. მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი მიიღებს თანხმობას ნებართვაზე, მესამე ქვეყნის მოქალაქემ უნდა გააკეთოს შესაბამისი განაცხადი თავის ქვეყანაში წარმოდგენილ ესპანეთის დიპლომატიურ მისიაში ან საკონსულოში.

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

– კონტრაქტის ასლი

– პასპორტი

– ცნობა ნასამართლეობის შესახებ

გაითვალისწინეთ, ესპანეთში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში უნდა დარეგისტრირდეთ სოციალური უსაფრთხოების სისტემაში, რადგან დაურეგისტრირებლობა ქვეყანაში არალეგალურად ყოფნად ითვლება.