ზაალ სარაჯიშვილი : მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ემიგრანტი ჩვენი დროის სოციალური გმირია

0
6195

ჩვენი რუბრიკის ” პერსონა “-ს  დღევანდელი სტუმარი დიასპორული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ზაალ სარაჯიშვილია, მის უშუალო მონაწილეობით ემიგრაციისა და ქართული დიასპორისთვის არაერთ სასიკეთო საქმეს ჩაეყარა საფუძველი …

როგორც ფართო საზოგადოებისათვის არის ცნობილი თქვენ არაერთი წელია რაც დაინეტერესებული ხართ ქართული დიასპორის საკითხებით და ჯერ კიდევ 2012 წლამდე აქტიურად ეხმარებოდით ემიგრაციას როგორც ადვოკატი, შემდგომ კი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე , ბ-ნო ზაალ, რომელ პროექტებს გამოყოფდით ამ პერიოდში თქვენი საქმიანობიდან და რომელ ვერ განხორციელებულ ინიციატივებზე გწყდებათ გული ?

მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს. უკვე 15 წელია ქართული დიასპორის საკითხებით აქტიურად ვარ დაკავებული და თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ვარ სპეციალიზირებული, ქართული საადვოკატო ბიუროს – მიგრანტთა სადვოკატო ბიუროს დამფუძნებელი და საადვოკატო საქმიანობაში ემიგრანტებისათვის იურიდიული მომსახურეობის ინიციატორი, ხოლო 2012 წლიდან გაუქმებამდე ვიყავი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ამჟამად ვარ დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მდივანი.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მოღვაწეობისას, როგორც მნიშვნელოვან მიღწევად, უდავოდ გამოვყოფდი უცხოეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვნების საკითხის საბოლოოდ მოგვარებას, რომელიც დაიწყო 2013 წელს და 2016 წელს კი – სახელმწიფომ სრულად იტვირთა გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენება, რითაც პირველ რიგში გარდაცლილის ოჯახს, ასევე დიასპორულ ორგანიზაციებს მოუხსნა მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც დაკავშირებული იყო ფინანსებთან.

განსაკუთრებული აღნიშნვნის ღირსია დიასპორაში ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებული მიღწევები და ეს მიღწევები ორმაგად სასიხარულოა, რადგან ისინი განხორცილდა დიასპორელი ორგანიზაციების აქტიური ჩართულებით და მონაწილეობით. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სკოლებში ქართული ენის სწავლების მიზნით, ამ ქვეყნის განათლების სტანდარტების გათვალისწინებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატში მომზადდა მე-4,5,6 კლასების სასწავლო პროგრამა, სახელმძღვანელოები, მასწავლებლის წიგნი და მოსწავლის რვეული, რომლებიც შემდგომ დაამტკიცა თურქეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ. ამ მიზნის მიღწევას ორწლიანი ინტენსიური მუშაობა დასჭირდა და დღეს თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს აქვთ შესაძლებლობა სახელმწიფო სკოლებში შეისწავლონ მშობლიური ენა, ქართული ენა.

ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან და მიღწეული იქნა მასთან შეთანხმება ათენის ერთ-ერთ სკოლაში ქართული ენის საპილოტე სწავლების შესახებ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართული ენის სწავლების მიზნით, ათენში უკვე შერჩეულია საჯარო სკოლა და შესაბისი სწავლებაც დაწყებულია.

მიღწევიდან ასევე გამოვყოფდი „დიასპორის ელექტრონული ბიბლიოთეკის“ შექმნას, რომელიც განხორცილდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით და დღეს უკვე ამ ბიბლიოთეკაში განთავსებულია „დედა ენის“ ყველა გამოცემის ელექტრონული ვარიანტი, ასევე გაციფროვნებულია ქართული მწერლობის 70-მდე ნაწარმოები, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების, ასევე დროის სიმცირის გამო, ვერ დავასრულეთ პროექტი „დიასპირის ვებ-პორტალი – tanamemamule.ge“, რომელიც ქართული დიასპორისთვის იქნებოდა ერთგვარის „ვირტუალური ფანჯარა სამშობლოში“, რადგან როგორც მოგეხსენებათ დღეს ქართული დიასპორა სარგებლობს სხვადასხვა სოციალური ქსელით და ესეთი პორტალის არსებობა ხელს შეუწყობდა მათ გაერთიანებას ქართულ სოციალურ ქსელში. პროექტის წარმატებულად განხორცილების შემთხვევაში ინტერნეტსივრცეში ამერიკულ, ევროპულ, რუსულ და სხვა პოპულარულ სოციალურ ქსელებთან ერთად იარსებებდა ქართული სოციალური ქსელი, რომელიც გააერთიანებდა ყველა თანამემამულს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამავე მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ქართული ენისა და ისტრიის დისტანციური (ონლაინ) სწავლების პროექტის დასრულება, თუმცა შემუშავდა ისტორიის სწავლების მოდული და გაკეთდა ქართული ენის მოდულის მონახაზი.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩემი ხელმძღვანელობით აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროექტების განხორცილებაში.

– სულ ახლახანს თქვენს მიერ დაფუძნდა ქართული დიასპორის ლობისტი იურიდიული ოფისი რომელმაც ემიგრაციაში თქვენი ავტორიტეტიდან გამომდინარე უმოკლეს დროში დიდი გამოხმაურება და სანდოობა მოიპოვა, რას იტყოდით ამის შესახებ?

როგორც ავღნიშნე ამჟამად ვმოღვაწეობ დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციაში, რომელიც დაფუძნებულია ქართველი დიასპორელი მეწარმეების მიერ 2014 წელს და მიზნად ისახავს საქართველოში დიასპორული ინვესტიციების მოზიდვას და განხორციელებას. საყურადღებოა, რომ დიასპორის სამთავრობო უწყების გაუქმებამ შექმნა გარკვეული ბიუროკრატია, როდესაც დიასპორის საკითხები გადანაწილებულია რამოდენიმე სახელმწიფო უწყებაში. ამასთან ერთად, უცხოეთში მყოფი თანამემამულე საქართველოს მოქალაქე ვალდებულია მხოლოდ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული საელჩოს მეშვეობით აწარმოოს კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურასთან (გაუქმებამდე ესეთი კომუნიკაცია ხორციელდებოდა სამთავრობო სტრუქტურის – სახელმწიფო მინისტრის აპარატის მეშვეობით), რაც დროში არის გაწელილი და ადრესატამდე მისაღწევად რამოდენიმე სახელმწიფო უწყების გავლა არის აუცილებელი. ამიტომაც, ასოციაციის მიზანია იყოს ქართული დიასპორის ლობისტი საქართველოში და მისი ამოცანაა უცხოეთში მცხოვრები ერთი კონკრეტული თანამემამულე საქართველოს მოქალაქის პრობლემა საქართველოში გახადოს ფიქრისა და ზრუნვის საგნად. შესაბამისად, ასოციაციაში დამუშავდა სპეციალური პროექტი – „ქართული დიასპორის ლობისტი საადვოკატო ბიურო“, რომელიც მიზნად ისახავს მოახდინოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე საქართველო მოქალაქის ინტერესების ლობირება საქართველოს სახელმწიფო უწყებებში (ლობირება ხორცილდება ასოციაციის სახსრებით და იგი უფასოა საქართველოს მოქალაქისთვის), ასევე განახორცილეოს ემიგრანტის იურიდიული მომსახურეობა (ადვოკატირება) საქართველოს სასამართლოებსა და სამართალდამცავ ორგანოებში. როგორც იურისტი და საჯარო სამსახურში მუშაობის ოცლიანი გამოცდილების მქონე, პროექტის ხელმძღვანელობას პირადად ვახორციელებ. პროექტის ფარგლებში უკვე ჩამოყალიბდა გამოცდილ ქართველ ადვოკატთა ჯგუფი, რომელთაც გარდა საადვოკატო საქმიანობის დიდი გამოცდილებისა, ასევე აქვთ გამოცდილება უცხოეთში მყოფ თანამემამულეებთან ურთიერთობის, ზოგიერთი მათგანი კი – ემიგრაციიდან ახალი დაბრუნებულია სამშობლოში. ადვოკატებთან ნებისმიერ საკითხზე კონსულტირება უფასოა და უცოეთში მყოფ თანამემამულეებს, ასევე საქართველოში მათ ოჯახის წევრებს შეუძლიათ ისარგებლობენ ამ მომსახურებით დისტანციურად ჯგუფის ელ/ფოსტის (saradjishvililawoffice@gmail.com), Facebook გვერდის (სარაჯიშვილის იურიდიული ოფისი) და SKYPE (saradjishvililawoffice) მეშვეობით. პროექტის ფარგლებში იგეგმება უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე იურისტების მეშვეობით ადვოკატირების ქსელის შექმნა და ამ მხრივ უკვე დავამყარეთ კავშირი აშშ, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიასა და საბერძნეთში მოღვაწე ქართველ იურისტებთან.

-ბ-ნო ზაალ, როგორ ფიქრობთ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია მიგრაციისა და დიასპორის შესახებ აკმაყოფილებს თუ არა ქართული დიასპორის დღევანდელ მოთხოვნებს რომელიც მუდმივად მზარდია და რა მიმართულებითაა გასააქტიურებელი სამუშაო?

მიგრაციის საკითხებში დღეს მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. ახალი გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა და ქართული დიასპორაც. როგორც ცნობილია 2017 წელს მოხდა მიგრაციის სამთავრობო სტრატეგიის გადახალისება, ასევე მოხდა დიასპორასთან ურთიერთობების ახალი სტრატეგიის შემუშავება. ჯერ კიდევ მცირე დროა გასული და ამიტომაც ნაადრევია მსჯელობა რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ქართული დიასპორის დღევანდელ მოთხოვნას. თუმცა ვთვლი, რომ მიუხედავად ამისა, გასააქტიურებელია მუშაობა სხვადასხვა სამთავრობო სტრატეგიების გადახედვის კუთხით, რათა მოხდეს ამ სტრატეგიულ დოკუმენტებში ქართული დიასპორის წინაშე მდგარი გამოწვევების გააზრება. აღნიშნული მისცემს შესაძლებლობას ქართულ სახელმწიფოს მოახდინოს დიასპორასთან ურთიერთობების პრიორიტეტების მკაფიო და საჯაროს დეკლარირებას, ხოლო თავის მხრივ ქართულ დიასპორასაც ექნება შესაძლებლობა ნათლად დაინახოს რას ელის ქართული სახელმწიფო მისგან და როგორ ასრულებს იგი თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე. ქართული დიასპორისა და ქართული სახელმწიფოს ურთიერთობა ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს და მიმართული უნდა იყოს არსებული პრობლემების ერთიანი ძალისხმევით მოგვარებისაკენ.

-ბ-ნო ზაალ , რას გვეტყოდით დიასპორული ინვესტიციების და ზოგადად ეკონომიკური დიპლომატიის მხრივ რა ეტაპზეა ეს პროცესი და როგორ ხედავთ მისი განვითარების პერსპექტივას?

ქართული სახელმწიფო აქტიურად უნდა იყენებდეს ქართულ დიასპორაში დაგროვილ როგორც ფინანსურ, ასევე ინტელექტუალურ კაპიტალს, რადგან ეს აუცილებელია ქვეყნის სწრაფი განვითარებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ქვეყნის 20% ოკუპირებულია და საქართველოში დგას საოკუპაციო ჯარები, დიასპორული ინვესტიციები საკითხი უფრო აქტუალური ხდება, რადგან ასეთი ტიპის ინვესტიციას ახასიათებს არამარტო მხოლოდ ფინანსური თუ ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზანი, არამედ მისი შემადგენილია ასევე პატრიოტული სულისკვეთება, გარკვეული სარგებელი მოუტანო სამშობლოს. ამიტომ, არსებული საფრთხეების მიუხედავად დიასპორელი ინვესტორები მაინც ცდილობენ განახორციელონ გარკვეული ბიზნეს-პროექტები, რომელიც ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში აახლოებს მათ სამშობლოსთან.

ძალზე მნიშვნელოვანია ქართული დიასპორის, როგორც საექსპორტო ბაზარზე ქართული პროდუქციის ლობისტის, შესაძლებლობის ახლებურად გააზრება. ამ მხრივაც გასააქტიურებელია მუშაობა, რადგან ბიზნესის მხრდამჭერმა სამთავრობო პროგრამებმა, ასევე ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) ამოქმედებებამ, ხელი შეუწყო საქართველოში პროდუქციის წარმოების გააქტიურებას და დღეს უკვე ზოგიერთი ქართული პროდუქცია კონკურეტნუნარიანია სხვადასხვა ბაზარზე. ამას გარდა, ყოველივე ქართულის მიმართ არის გარკვეული ნოსტალგია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მხირდან, მათ შორის ისტორიული დიასპორის მხრიდანაც. ამიტომ, ჩვენს ასოციაციაში დამუშავდა სპეციალური პროექტი „ქართული პროდუქცია დიასპორას“, რომელიც მიზნად ისახავს დიასპორაში ელექტრონული საცალო ვაჭრობის სისტემის შემნას. ამ ეტაპზე მიმდინარეობას პროექტის თანდაფინანსების მოძიება.

არ შეიძლება არ შევეხოთ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ფულადი გზავნილის საკითხს და ავღნიშნოთ, რომ დღეს ის თითქმის გაუტოლდა კიდეც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მოცულობით. ფულადი გზავნილი ყოველწლიურად მატულობს და ჩვენი ქვეყნის საფინანსო მდგარადობის სერიოზული დამხმარე ინსტრუმენტია.

-რაც შეეხება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიგაჩნიათ თუ არა რომ ისინი უფრო აქტიურები უნდა იყვნენ დიასპორასთან ურთიერთობების კუთხით და თქვენი აზრით საჭიროა თუ არა დიასპორის და მიგრაციის ატაშის თანამდებოდა დიდი დიასპორის მქონე ქვეყნების საელჩოებში?

როგორც ავღნიშნე ქართული სახელმწიფო და მისი სტრუქტურები, განსაკუთრებით კი – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები აქტიურად უნდა იყენებდეს ქართულ დიასპორის და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებებით. აუცილებელია ქვეყნების მიხდვით მოხდეს დიასპორის პოტენცალის შესწავლა და მისთვის მკაფიო გზავნილის გაკეთება თუ რას ელის სახელმწიფო დიასპორისგან მოცემულ მომენტში, რის მიღწევას ცდილობს სახელმწიფო სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში, ხოლო ამას ყოველივეს ესაჭიროება გამართული საკომუნიკაციო სისტემის არსებობა და ამ მხრივ, საელჩოებში სპეციალიზირებული დიპლომატების არსებობას ნამდვილად მივესალმები. ამიტომაც, როცა განსაზღვრული იქნება კონკრეტული ამოცანები და მიზნები დიასპორასთან ურთიერთობაში დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიურობაც უფრო ქმედითი იქნება დიასპორისათვის.

-და ბოლოს რას უსურვებდით უცხოეთშ მყოფ ჩვენ თანამემამულებს და როგორ შეაფასებთ ჩვენს საგენტოს DIASPORA.GE და მის საქმიანობას?

უდავოდ მისასალმებია და მე ვიტყოდი, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა ინტერნეტ სივრცეში ქართული დიასპორის ერთიანი საინფორმაციო პორტალის არსებობა, რომელიც ერთ სივცეში მოათავსდება სხვადასხვა სახელმწიფოში, სხვადასხვა კონტინენტზე არსებული თანამემამულეების და მათი გაერთიანებების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ამიტომაც, წარმატება მინდა ვუსურვო სააგენტოს DIASPORA.GE ქართული დიასპორის საკეთილდღეოდ და მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ემიგრანტი ჩვენი დროის სოციალური გმირია. დღეს რომ საქართველო ვითარდება და ღირსეულ ადგილს იმკვიდრეს ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, განსაკუთრებული წვლილი ამ საქმეში უცხოეთში მცხოვრებ თანამემემამულეებსაც მიუძღვის. ამიტომაც, ვსარგებლობ შესაძლებლობით და უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალწელს!!! კეთილდღეობის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ახალი წელი მათთვის და მათი ოჯახებისათვის, სრულიად საქართველოსთვის.

ესაუბრა ლიკა ჯანელიძე.