ცესკო პანდემიის გათვალისწინებით დიასპორისთვის დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს საარჩევნო უბნების გახსნას

0
1076

ცესკო მჭიდროდ თანამშრომლობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მათი კონსტიტუციური უფლება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნა დაახლოებით 40 ქვეყანაში იგეგმება.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებაზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო საერთო საპრეზიდენტო არჩევნებზე 2018 წელს საზღვარგარეთ 55 საარჩევნო უბანი გაიხსნა 39 ქვეყანაში. მაშინ საზღვარგარეთ ორგანიზებულ არჩევნებში პირველ ტურში 4 801-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მეორე ტურში 9 028 ამომრჩეველმა. ნიშანდობლივია, რომ 2018 წელს საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობამ პირველი ტურისთვის შეადგინა 57 637, ხოლო მეორე ტურისთვის 63 739 ამომრჩეველი. მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები შეიქმნება საზღვარგარეთ, ინფორმაცია საარჩევნო უბნების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე“,- განაცხადა მიქელაძემ.

ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ანდა უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებგვერდის მეშვეობითაც შეუძლიათ. შეგახსენებთ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფს, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია ცესკო-ს ონლაინჩატის მეშვეობით“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.