საქართველო კარანტინის პირობებს ცვლის

0
2353

კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია ნათქვამი.

დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს.

იზოლაციაში პირი თავსდება 12 დღით. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის/კარანტინის დღეებს დააკლდება თვითიზოლაციაში/კარანტინში გატარებული დღეების რაოდენობა;

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, ასევე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციების წევრები, თუმცა მათ გარკვეული წესების შესრულება მოუწევთ.

კერძოდ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა ოფიციალური დელეგაციების წევრებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები კი  ვალდებულნი არიან, ოფიციალური ვიზიტიდან საქართველოში დაბრუნებიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით, ვალდებულნი იქნებიან, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.

დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 12-დღიან კარანტინს.