2025 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ, საქართველოს საელჩოში უმასპინძლა ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ,,იბერია” F C Iberia Athens დამფუძნებელსა და დირექტორს, ვალერი ბურჯალიანს.
როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩო იტყობინება შეხვედრაზე საუბარი შეეხო ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის განვითარებისა და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას, საბერძნეთში ქართული საფეხბურთო აკადემიის არსებობის მნიშვნელობას საქართველოს ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაძლიერების კუთხით.
ასევე, ხაზი გაესვა ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის მშობლიურ ქართულ საფეხბურთო გუნდში თამაშის უნიკალური შესაძლებლობის არსებობას.
აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო აკადემია ,,იბერია” ათენში პირველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაარსდა. აკადემიაში, სხვადასხვა ჯგუფში, უკვე 50-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს, რომელთა ასაკი 5-დან 16 წლამდეა.
შეხვედრას, საელჩოს მრჩეველი, ვარლამ ბაძაღუა და დიასპორის წარმომადგენელი, ავთანდილ გიუნაშვილი ესწრებოდნენ. – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





















