საფრანგეთის ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა მიგრანტების მიღების პროგრამა ღაზის სექტორიდან მას შემდეგ, რაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია 25 წლის პალესტინელი სტუდენტის ანტისემიტურმა განცხადებებმა და მის მიერ ადოლფ ჰიტლერის ფოტოებისა და სხვადასხვა მოწოდებების გავრცელებამ. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ გააკეთა.
„მიუხედავად გარემოებებისა, აღარ იქნება არანაირი ევაკუაცია, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და არ გვექნება შესაბამისი დასკვნები“, – აღნიშნა ბარომ.
მისი თქმით, იმ პალესტინელებს, რომლებიც უკვე ჩავიდნენ საფრანგეთში, ხელახლა ჩაუტარდებათ შემოწმება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა, რომ პარიზმა დროულად ვერ აღმოაჩინა პალესტინელი სტუდენტის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ანტისემიტური განცხადებები.
„მისი ადგილი არ არის საფრანგეთში, მან უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია“, – განაცხადა ბარომ. ხმაურიანი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა 25 წლის პალესტინელი სტუდენტი ნურ ა., რომელიც ლილის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში სწავლობს. საფრანგეთის საკონსულომ იერუსალიმში მას ვიზა ისე მიანიჭა, რომ სოციალურ ქსელებში მისი აქტივობა არ გადაამოწმა.როგორც გაირკვა, ნურ ა. აქვეყნებდა ადოლფ ჰიტლერის ფოტოებს, გამოდიოდა „ყველა ებრაელის მოკვლისა“ და ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ისრაელელი მძევლების დახოცვის მოწოდებებით.2023 წელს საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ღაზის სექტორში მოქმედმა ფრანგულმა ინსტიტუტმა ნურ ა.-ს „ფრანკოფონიის პრემია“ მიანიჭა, ხოლო ლილის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის დირექტორმა მას პირადად უმასპინძლა საკუთარ ბინაში.
ცნობისთვის, ფრანგული მედიის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ საფრანგეთი, დაახლოებით, 500 პალესტინელს, მათ შორის ბავშვებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებსა და ხელოვანებს დაეხმარა ღაზის სექტორის დატოვებაში.





















