ზვიად კვაჭანტირაძის მიმართვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზოგადოებისადმი

0
5595

საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭაბტირაძის მიმართვა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების მიღების თაობაზე.

მეგობრებო,

უპირველეს ყოვლისა მინდა მივმართო ქართულ ემიგრაციას, რომელიც ახლა გულდასმით გვადევნებს თვალს, ვინაიდან ისინი მოუთმენლად ელოდებოდნენ პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიღებას.
მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმებმა მოიცვა ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ძირეული ინტერესები.
საქართველოს კონსტიტუციაში პირველად გაკეთდა დიასპორის შესახებ ჩანაწერი, რომ: „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.“ ამგვარად, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად და დანიშნულებად განისაზღვრა დიასპორაზე ზრუნვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ასევე მოხდა კონსტიტუციის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომელიც კრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას.
არ შეიძლება არ აღინიშნოს კონსტიტუციის ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფისა და უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტისა და იუსტიციის სამინისტროს დამსახურება, რომ ასეთ უმოკლეს ვადაში მომზადდა მოქალაქეობის ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული ჩვენი კომიტეტის მიერ წარდგენილი შენიშვნები და წინადადებები, რაც ემსახურებოდა ქართული ემიგრაციის ინტერესების გაზიარებას.
თავის დროზე კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას დიდ პრობლემებს უქმნიდა ჩვენს თანამემამულეებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისთანავე ისინი ავტომატურად კარგავდნენ საქართველოს მოქალაქეობას. ამჟამად, ეს პრობლემა მოხსნილია და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიც, ჩვენ თანამემამულეს შეეძლება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. ხოლო იმ პირებმა, რომლებმაც ამ მოტივით დაკარგეს მოქალაქეობა, მიეცემათ შესაძლებლობა მიმართონ სახელმწიფოს და მათ გამარტივებული წესით დაიბრუნონ საქართველოს მოქალაქეობა.
გამომდინარე იქიდან, რომ კანონი ეხება საქართველოს მოქალაქეობას, ადამიანების სამართლებრივ კავშირს ქართულ სახელმწიფოსთან, მისასალმებელია, რომ კანონპროექტი პრაქტიკულად მიღებულ იქნა კონსენსუსით . ჩვენთვის გამოწვევას წარმოადგენდა შემოგვეღო ლიბერალური წესები, თუმცა, ამავე დროს, ვიღებთ გარკვეულ სამართლებრივ ბარიერსაც, რათა საქართველოს მოქალაქეობა არ იქნეს გამოყენებული ქართული სახელმწიფოს საზიანოდ. კერძოდ, ამის მაგალითებია: ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5 წლიანი ცხოვრების ცენზის 10 წლამდე გაზრდა და გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 2 წლიანი ცხოვრების ცენზის 5 წლამდე გაზრდა.
თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ კანონის სხვა მნიშვნელოვან დადებით მხარეებზე, მაგრამ ჩვენი კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებ დიასპორისთვის საგულისხმო მომენტებზე.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, სამართლებრივი საფუძველი ეყრება საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებისას ურთიერობების ახლებურად რეგულირებას.
როგორც თქვენთვის ცნობილია, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დღემდე მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა საგამონაკლისო წესით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების წესს. წარმოდგენილი ცვლილებით ჩნდება ორმაგი მოქალაქეობის მოპოვების დამატებითი შესაძლებლობები – სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობის სახით. ამდენად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით მკვეთრად იზრდება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობის შესაძლებლობები.
კანონით ერთ-ერთ მთავარ მიღწევად თამამად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.
ასევე, მისასალმებელია კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლე – აღდგენის დროებითი უფლება, რისი მეშვეობითაც საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს ამ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის ვადაში მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც, რაც მნიშვნელოვანი ჩანაწერია.
გარდა აღნიშნულისა, კანონის მიღებას აქვს სხვა უამრავი დადებითი მხარე, კერძოდ; დიასპორას შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი პოტენციალი, ინტელექტუალური და კულტურული, ისე – ფინანსური და ეკონომიკური უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოში. უცხოეთში მცხოვრებ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჩვენს თანამემამულეებს, მათი ინტერესისა და სურვილის შემთხვევაში გზას ვუხსნით უფრო მეტი ინტეგრირება მოახდინონ საქართველოში, როგორც ბიზნესის განვითარების კუთხით, ისე სხვა მიმართულებებითაც.
ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ცვლილებებს, რაც უდაოდ პოზიტიურია. კანონით გათვალისწინებული, საგამონაკლისო წესით მინიჭებისას მხედველობაში მისაღები პირობების ჩამონათვალი გაცილებით მეტ ადამიანს, მათ შორის ჩვენს თანამემამულს მისცემს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესაძლებლობას. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისათვის სახელმწიფო ინტერესის შეფასებისას, სხვა გარემოებათა შორის, მხედველობაში იქნება მისაღები შემდეგი გარემოებები: როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი. ასევე იგი სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო წავიდა ემიგრაციაში.
კანონი პირდაპირ უკავშირდება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამართლებრივ ინტერესებს და კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტს – დიასპორაზე ზრუნვას, შესაბამისად, მინდა ყველას მოგიწოდოთ, გამოიყენოთ ამ კანონით წარმოდგენილი უფლებები, რასაც შედეგად მოჰყვება სამართლებრივი კავშირის აღდგენა დიასპორას/ემიგრანტებსა და ქართულ სახელმწიფოს შორის.
დარწმუნებული ვარ, წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედებისთანავე, მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მომართვიანობა იქნება მრავალრიცხოვანი, ამიტომ მინდა თხოვნით მივმართო აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, მაქსიმალურად მოახდინონ მობილიზება მომართვის თითოეულ ფაქტზე, რათა ჩვენს თანამემამულეებს დროულად მიეცეთ შესაძლებლობა ისარგებლონ კანონით განსაზღვრული შეღავათებით.
ყველას გილოცავთ ამ კანონის მიღებას და აქვე, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღეთ მთელ ამ პროცესში.