საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ციფრი 2017 წელს უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2016 წელს.
როგორც ჟურნალისტებს ხულორდავამ განუცხადა, აღნიშნულ სტატისტიკას საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ითვალისწინებენ.
„ჩვენთვის ვიზალიბერალიაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მინიმალური რისკები და საფრთხეებიც კი, რომელიც შეიძლება ამ გადაწყვეტილების შეჩერებას დაემუქროს, აღმოფხვრილი უნდა იყოს. ამას მთელი ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება. გერმანიასთან დაკავშირებით პოზიციები დაფიქსირდა, რომელიც ცხადყოფს, რომ თემა საყურადღებოა, თუმცა 2017 წელს გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ციფრი უფრო
ნაკლები იყო, ვიდრე 2016 წელს. ჩვენი პარტნიორები ამასაც ითვალისწინებენ”, – აღნიშნავს ხულორდავა.
კანონმდებელი ყურადღებას საქართველოზე, როგორც უსაფრთხო ქვეყანაზე ამახვილებს და ამბობს, რომ პარტნიორებთან მუშაობა უფრო ეფექტურად და აქტიურად უნდა წარიმართოს.
„ბევრი ევროპული ქვეყნის მიერ უსაფრთხო ქვეყნად ვართ აღიარებული. ეს ძალიან კარგი მექანიზმია იმისთვის, რომ თავშესაფრის მაძიებლებს რამდენიმეთვიანი პერიოდი არ ჰქონდეთ იმისათვის, რომ იმ ქვეყანაში იყვნენ და რიგ შემთხვევაში არაკანონიერ საქმიანობაში ჩაერთონ. ამ საკითხზე მუშაობა გერმანიის ხელისუფლებასთან მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული”, – განაცხადა ხულორდავამ.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზერმა მიუნხენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა – „საქართველომ იცის, რომ თუ რიცხვები შესამჩნევად გაიზრდება, ჩვენ ავამოქმედებთ შეჩერების მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას“.
ამასთან, გერმანულმა გამოცემამ Die Welt-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვმია, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო შეშფოთებულია. როგორც გამოცემა წერს, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის შიგნით და ევროკავშირის დონეზე განიხილავს გარკვეული ზომების ამოქმედების შესაძლებლობას.