საქართველოს თითოეული მოქალაქე დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის ქმედებას, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
“პირველ რიგში, თითოეული მოქალაქე დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის ქმედებას, რას აკეთებენ. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად და მიღებული იქნება ყველა შესაბამისი ზომა. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე, საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებაზე. თუმცა მთავარი მაინც ისაა, მოქალაქეებმა შევიგნოთ, რომ ჩვენი ქმედებით ვავნებთ მთელ ქვეყანას და ასე წასული ვერც ერთი ადამიანი იქ ვერ დარჩება, ვერანაირ თავშესაფარს ვერ მოიპოვებს. საბოლოოდ, პრაქტიკულად სამუდამოდ აეკრძალებათ საზღვრებიდან გასვლა, იმ დღიდან, რაც მათი დეპორტაცია მოხდება და ავნებენ ქვეყანასაც და სხვა მოქალაქეებსაც. ვფიქრობ, ამის გააზრება ყველაზე საუკეთესო წამალია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან, მისი თქმით, გერმანიაში იმყოფება შს მინისტრის მოადგილე, რომელიც ერთობლივი ზომების დაგეგმვის მიზნით, შეხვედრებს გამართვს.
„თუმცა, თუ შევხედავთ მთლიან სტატისტიკას, ვთქვათ საქართველოს რამდენი მოქალაქე ითხოვს თავშესაფარს და რამდენი სხვა – აღმოსავლეთის, აფრიკის, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, ვნახავთ, რომ ეს ციფრი ძალიან მოკრძალებულია. იმდენი მოქალაქე არც ცხოვრობს საქართველოში, რამდენი თავშესაფრის მაძიებელიც ყოველწლიურად მიმართავს ევროპას. ასე რომ, ცხადია, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საქმეს, თუმცა ცხადია ისე ვერ იქნება, რომ ამან პრობლემა შექმნას ევროპაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზერმა მიუნხენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა – „საქართველომ იცის, რომ თუ რიცხვები შესამჩნევად გაიზრდება, ჩვენ ავამოქმედებთ შეჩერების მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას“.
ამასთან, გერმანულმა გამოცემამ Die Welt-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვმია, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო შეშფოთებულია. როგორც გამოცემა წერს, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის შიგნით და ევროკავშირის დონეზე განიხილავს გარკვეული ზომების ამოქმედების შესაძლებლობას.
ავტორი: მარიამ მენაბდე