რთდროულად ორი პროფესია აქვს – ეკონომიკური და ვოკალის მიმართულებით. უკვე წლებია ოჯახთან ერთად ბარსელონაში ცხოვრობს და რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა, დღეს უკვე რეალობად აქცია. აპლოდისმენტების ხმა, დიდი სცენა და განათება – მიზანი მიღწეულია. ქართველი მეცოსოპრანო არაერთი გრან-პრის მფლობელია. გზა კონსერვატორიიდან ლა სკალას დიდ სცენამდე – მსოფლიო აღიარება პატარა ასაკში მოიპოვა და ყველაზე რთულ მისიას დამოუკიდებლად უმკლავდება.
ჰყავს მეუღლე – სანდრო შელეგია, რომელიც ბარსელონას პომპეუფაბრას უნივერსიტეტის პროფესორია. მათი სიყვარულის ისტორიაც სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება. მათი შვილი – ლუკა, ბაღის მოსწავლეა. ოჯახი ამ ქალბატონისთვის ადგილია, სადაც დრო და განზომილება არ არსებობს.
როგორ აირჩიეთ პროფესია და როგორ აღმოჩნდით დიდ სცენაზე?
ბავშვობიდან ვიცოდი, რომ სცენასთან ახლოს უნდა ვყოფილიყავი, და რაც მთავარია – აუცილებლად უნდა მემღერა. გამოდის, რომ მომავალი პროფესია შინაგანმა ხმამ მიკარნახა. პატარაობაში ჩემი ბავშვური თამაშები თოჯინებით ხელში სცენაზე ასვლით და თავის დაკვრით მთავრდებოდა. არ დამავიწყდება ჩემი სახლის ეზოში დადგმული სპექტაკლები, სიმღერა, ცეკვა და შემოქმედებითი წვა. 14 წლის ვიყავი, როდესაც ხმის დამუშავება დავიწყე. 18 წლის ასაკში უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სიმღერისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი და საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე. მართალია, სკოლა რომ დავამთავრე, გამოცდები ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ პარალელურად კონსერვატორიაშიც ჩავირიცხე. შემდეგ იყო 2004 წელი და ბელვედერის კონკურსი, სადაც 5 კონკურსანტს შორის ჩემი სახელიც ამოვიკითხე. პრიზის აღების შემდეგ, უგამოცდოდ ჩავირიცხე ლა სკალას აკადემიაში.
ოჯახის წევრებიდან ვინმეს ხომ არ ჰქონდა მუსიკალური განათლება მიღებული?
მუსიკალური განათლება არა, მაგრამ ოჯახში ბაბუები მღეროდნენ ძალიან კარგად. ზუსტად ისე, როგორც ქართულ ოჯახებში მღერიან. მახსენდება ისტორია, რომელიც დედის მხრიდან ბაბუას გადახდა თავს: ერთ დღეს მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ერთ-ერთი მეგობრის შეყვარებულისთვის, გრიბოედოვის ქუჩაზე სერენადა ემღერათ. ბაბუაჩემის ნამღერი სრულიად შემთხვეევით დავით ანდღულაძემ მოისმინა და უთხრა, ხმა დაიმუშავეო. ბაბუას ძალიან ლამაზი ხმის ტემბრი ჰქონდა, მან კი სიმღერის ნაცვლად ომში წასვლა ამჯობინა.
თუ გახსოვთ, პირველად ვინ მიგიყვანათ სიმღერაზე?
სიმღერაზე დედამ და მისმა მეგობარმა – ნანა მურადაშვილმა შემიყვანეს. ჩემი პირველი პედაგოგი გულიკო კარიაული იყო, რომელიც დღემდე მომყვება და ჩემს კარიერულ წინსვლაზე ზრუნავს. მანამდე ფორტეპიანოს ვსწავლობდი სკოლაში და ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი. სახალისოდ მახსენდება ისტორია: 1996 წელია და გამოცდაზე გავდივარ. იმ პერიოდში კომისიის წევრი დიდი მაესტრო – ნოდარ ანდღულაძე იყო. ვნერვიულობდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. მაესტრო მეკითხება, რომელ არიას იმღერებო, გაოცებული სახით შევხედე და ვუთხარი, რომ არც ერთი არია არ მქონდა მომზადებული, ამიტომ ხალხურ სიმღერაზე დავითანხმე. ყველაზე დიდი ემოცია მაშინ შევიგრძენი, როდესაც მომიბრუნდა დიდი მაესტრო და ჩემს გასაგონად თქვა, ამ გოგოს პირდაპირ კარმენის არია მიეცითო. ასე მოვხვდი შემთხვევით ოპერის დიდ სცენაზე.
წყარო :okmagazine.ge