ემიგრანტები პასპორტებს ფასდაკლებით 15 მაისიდან 3 თვის განმავლობაში მიიღებენ

0
46402

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით − 50 დოლარად. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამი თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება. აქცია არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას. საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღებას უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.

თეა წულუკიანს განცხადებით, აქციის მიზანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწა და მასში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უტყუარი და სანდო ბიომეტრიული მონაცემების არსებობაა.

„პასპორტისა და პირადობის მოწმობის აქცია მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რაც დამატებით მოტივაციას გაუჩენს მათ, განაახლონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კი, შესაძლებლობა ექნება, დააზუსტოს მათ შესახებ დღეისათვის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემები.მინდა საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდო მიიღოს მონაწილეობა აქციაში, რომ საარჩევნო სია იყოს დახვეწილი.

უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბიომეტრიული მონაცემები პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების შემდეგ მოხვდება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამომრჩეველთა სიის სრულყოფას, გაზრდის მის სანდოობას. გარდა ამისა, პასპორტის ან პირადობის მოწმობების ვადის გასვლის გამო, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ვერ ახერხებენ საქმისწარმოებას, საზღვრის კვეთას; ვერ სარგებლობენ ელექტრონული სერვისებით, რომელთაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემასაც გადაჭრის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.