ემიგრანტები ჩვენი ქვეყნის “დესპანები” ვართ უცხოეთში- ქართველი ემიგრანტის წერილი.

0
2190

ცხოვრება მართლაც რომ მოულოდნელობებითაა სავსე. წლების წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ემიგრანტი ვიქნებოდი იტალიაში და რომში მომიწევდა ცხოვრება და თანაც ფრანგ გოგონასთან ერთად ერთჭერქვეშ. მარლინი საფრანგეთიდან იტალიაში ჩამოვიდა სასწავლებლად, წინაპრები იტალიელები ჰყავს,ასე რომ, ცოტა იტალიური იცოდა. ბინას ეძებდა და ჩვენ ქართველებმა შევიკედლეთ. როგორც დავინახე ჩემს შვილს მივამსგავსე და მაშინვე ჩემს გულში შემოვიდა… ფრანგი გოგოებისაგან განსხვავებით მარლინი ჩვენებური აღმოჩნდა – ინსტიტუტი, სახლი და ჩვენ… ეს იყო მისი ცხოვრება. ქალაქსაც მხოლოდ ჩვენთან ერთად ათვალიერებდა. ერთხელ, დილით თვალცრემლიანი დავინახე, შეყვარებული და დედა მენატრებაო, მეც მეტი რა მინდოდა, მასთან ერთად ავტირდი… მერე ვეხუმრებოდით, მარლინ, შენ ის მაინც იცი ერთ წელიწადში დაბრუნდები ჩვენ კიდევ როდის გვეღირსება “ამინისტა” არ ვიცი–თქო. ის ფრანგულს გვასწავლიდა, ჩვენ კი – ქართულს. უწმაწურ სიტყვებს ისე საყვარლად ამბობდა, ხშირად ვამეორებინებდით. ყოველ დილით გვესალმებოდა: გარ–მარ–ჯო–ბა!

მარლინი, რა თქმა უნდა, ქართულ კვებაზე გადავიყვანეთ,კერძების სახელები ისწავლა და ამბობდა: – დღეს რას მივირთმევთ? – აჯაფსანდალსო! ყოველი ჩვენგანი მასში მონატრებულ შვილს ვხედავდით და წარმოიდგინეთ როგორ მოვეფერებოდით. თვითონაც თბილი გული გვიჩვენა, თქვენ ჩემი ქართველი დედები ხართ იტალიაშიო! მარლინმა სწავლა დაამთავრა და დიდი ზარზეიმით გავაცილეთ. მას ხშირად ვესაუბრებით ინტერნეტით.

ერთ დღეს მარლინი საფრანგეთიდან მირეკავს ტელეფონით და თან სიცილით იგუდება, ახლა რაგბის სტადიონზე ვიმყოფები, ქართველები და ფრანგები ხვდებიან ერთმანეთსო. მარლინიფრანგებმა ლელო რომ დაუდეს ქართველებს წამოვხტი ფეხზე და ქართულად “ვუკურთხებ” ფრანგებს, ხოლო ქართველებმა, რომ დადეს ლელო ფრანგულად “ვუკურთხებ” ქართველებსო! ჩემ უკან ერთი ფრანგების ოჯახი ზის და ეხლა მკითხეს დიდი ხანია გაკვირდებით და ვერ დავადგინეთ, შენ ან თამაშის წესები არ იცი ან ვერ გაგიგია ვის “უბალეშჩიკო”, როგორ შეიძლება რომ ყოველი ლელოს დადება გიხაროდესო! ამათმა რა იციან მე რა მიხარიაო!…

მარლინს ქართული ანბანიც შევასწავლეთ…

ჩვენ, ემიგრანტები მართლაც რომ ჩვენი ქვეყნის “დესპანები” ვართ უცხოეთში. ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს ერს და ჩვენს კულტურას ალბათ,შევძელით მარლინის გულში ქართველების მიმართ სიყვარულის გაღვივება. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია, მხოლოდ ჩვენებურად მოვეფერეთ…

გვწერს ლია უკლებარომიდან.

(c) ambioni.ge

მოგვწერეთ თქვენც თუ ხართ ემიგრანტი პატივისცემით DIASPORA.GE