ზვიად კვაჭანტირაძეს მიმართვა დიასპორულ ორგანიზაციებს

0
3411

ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო – საკვირაო სკოლების მესვეურებო,

გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენს მიმართ და გამოვთქვამ მადლიერებას იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის და მეტწილად უანგარო საქმიანობისთვის, რასაც თქვენ ეწევით ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და საერთო ქართული საქმის საკეთილდღეოდ.

საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობის მთავარი მიზანი და ვალდებულებაა ქართულ დიასპორულ ორგნიზაციებთან, საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებთან და საკვირაო სკოლებთან კავშირების გაღრმავება და ურთიერთობების გაძლიერება. აქედან გამომდინარე, გვინდა მოგმართოთ შემდეგი ინიციატივით:

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი გეგმავს მსოფლიოში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს გაუწიოს ქმედითი დახმარება სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის საქმეში.

ჩვენი სურვილის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა, წინასწარ გადაწყდეს რიგი ორგანიზაციული საკითხები, რის გამოც მოგმართავთ თხოვნით, არაუგვიანეს ა.წ. 10 ივნისისა კომიტეტში მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

ა) ახალ 2018-2019 სასწავლო წლებში რამდენი მოსწავლეა გათვალისწინებული თქვენს საკვირაო სკოლაში;

ბ) რა სახის, რაოდენობისა და რომელი კლასის სახელმძღვანელოები გესაჭიროებათ მომდევნო სასწავლო წლისთვის. თუ შერჩეული გაქვთ კონკრეტული ავტორი სასურველია, მიუთითოთ.

კომიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური თანამშრომლობის თაობაზე, საკვირაო სკოლების მომავალი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.

გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაცია და თქვენი დამატებითი საკონტაქტო მონაცემები მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: diaspora@parliament.ge

პატივისცემით,

ზვიად კვაჭანტირაძე

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე