ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას, როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე სავიზო რეჟიმის პირობებში, ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მისი შესვლის თაობაზე. გამომდინარე აქედან, რეკომენდებულია თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს.
ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, მოკლევადიანი სასწავლო კურსი).
რაც შეეხება თუ იმას რა საბუთებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისთვის:
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის.
- დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
- სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
- სამოგზაურო დაზღვევა;
- მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში,ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
- ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
- ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
- მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.
სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
- იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
- სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
- მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.