მერკელი და სანჩესი საიმიგრაციო კრიზისის დასაძლევად აფრიკულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას ემხრობიან

0
1120

გერმანია და ესპანეთი საიმიგრაციო კრიზისთან ბრძოლის პროცესში აფრიკასთან თანამშრომლობის მომხრეები არიან. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერმა ბერლინში, საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ოფიციალური ბერლინი და მადრიდი 28 ივნისს დაგეგმილი სამიტის ფარგლებში აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირში არსებული საიმიგრაციო კრიზისის აღმოსაფხვრელად აფრიკულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა აუცილებელია, რადგან ათასობით მიგრანტი გაერთიანების ტერიტორიაზე სწორედ ამ ქვეყნებიდან ჩადის.მერკელმა კი განმარტა, რომ ევროპა სავარაუდოდ მაროკოსთან ალჟირსა და სენეგალთან ითანამშრომლებს. მიგრანტების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეები არიან.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს აფრიკული სახელმწიფოებისთვის გაცილებით დიდი ყურადღების მიქცევა მართებს. განვითარებად ქვეყნებს გაერთიანებამ ფინანსური დახმარებაც უნდა გამოუყოს. დაამატა ანგელა მერკელმა.

შეხვედრის დროს ანგელა მერკელმა და პედრო სანჩესმა საიმიგრაციო კრიზისზე საერთო ევროპული გადაწყვეტილების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.