გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეფასებით, მიგრაციის პრობლემის გადასაწყვეტად გერმანიამ და მთლიანად ევროკავშირმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
პარლამენტში გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ ევროპის წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ევროკავშირისთვის შესაძლოა, საბედისწერო გახდეს სწორედ მიგრაციის თემა და დაუშვებელია, რომ ამ საკითხში უთანხმოებამ გამოიწვიოს ევროკავშირის დანგრევა.
ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ არალეგალური მიგრაციის შემცირება ევროკავშირის ყველა ქვეყანას სურს და უნდა შემუშავდეს ერთიანი პოლიტიკა. მერკელის თქმით, თუ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მოიძებნება, ერთმანეთთან უნდა შეთანხმდნენ ევროკავშირის ის სახელმწიფოები, რომლებიც საერთო მიდგომას გაიზიარებენ.
პარლამენტში გამოსვლისას ანგელა მერკელმა დაიცვა 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილება გერმანიაში მილიონობით ლტოლვილის მიღების შესახებ, თუმცა, განაცხადა, რომ დადგა მკაცრი კონტროლის აღდგენის დრო.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტი იხსნება. განხილვის მთავარი საგანი სწორედ საიმიგრაციო კრიზისია.
იტალიის ახალი მთავრობა დუბლინის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს. ამ ხელშეკრულებით ევროპაში მიგრანტების მიღება რეგულირდება. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება ევროკავშირის შენგენის ზონას, რომელშიც გადაადგილება ვიზების გარეშე შეიძლება.
დუბლინის ხელშეკრულების თანახმად, თავშესაფრის მიწოდებაზე განაცხადი უნდა განიხილოს ევროკავშირის იმ ქვეყანამ, რომელიც პირველია, სადაც მიგრანტი ან დევნილი შედის.
24 ივნისს ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის (28-29 ივნისი) წინ, წევრი ქვეყნების ლიდერთა არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ისინი არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის საკითხებს განიხილავდნენ, მაგრამ ვერაფერზე შეთანხმდნენ. მხოლოდ ბოლო მომენტში დათანხმდა შეხვედრაზე დასწრებას იტალიის პრემიერმინისტრი ჯუზეპე კონტე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების – ჩეხეთის, პოლონეთის და უნგრეთის – ხელმძღვანელებმა მიწვევა დემონსტრაციულად არ შეიმჩნიეს.