Deutsche Welle-ს ცნობით გერმანიიდან დეპორტირებულმა 23 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

0
5296

ქაბულში, გერმანიიდან ერთი კვირის წინ დეპორტირებულმა 23 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გარდაცვლილი ერთ-ერთი იყო ავღანეთის 69 მოქალაქეს შორის, რომლებიც გერმანიის ხელისუფლებამ სამშობლოში დააბრუნა. ის გერმანიაში რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

ავღანელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა.

ავღანელების დეპორტირების გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმეზე მომუშავე უწყების ჰამბურგის განყოფილებამ მიიღო. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჰამბურგის ხელისუფლება ქვეყნიდან მხოლოდ იმ მიგრანტებს აძევებს, ვისაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, ან ვინც წარმოადგენს საფრთხეს, ასევე მათ, ვინც უარი თქვა ვაინაობის იდენტიფიცირების პროცედურის გავლაზე.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ავღანელი გასამართლებული იყო ქურდობისთვის, სხეულის დაზიანების მიყენების მცდელობისთვის, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ნარკოტიკული ნივთიერების შესახებ კანონის დარღვევისთვის.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა 10 ივლისს 69 ავღანელის დეპორტაციის შესახებ საუბრისას, ხუმრობით აღნიშნა, რომ ეს მისი 69-ე დაბადების დღეზე მოხდა. აღნიშნული განცხადების გამო, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ზეეჰოფერი მწვავედ გააკრიტიკა და მისი გადადგომა მოითხოვა. თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კომენტარის გაკეთებისას მან ჯერ კიდევ არ იცოდა მიგრანტის თვითმკვლელობის შესახებ, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ 11 ივლისს გავრცელდა.

ავტორი – ქეთი ჩოხელი