დიასპორა სახელმწიფოს ისეთივე განუყოფელი ნაწილია,როგორც საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა-რატი ბრეგაძე დიასპორის სტრატეგიის შესახებ მსჯელობას ეხმაურება

0
2253

დღეს Diaspora.ge მიერ გამოქვეყნდა სტატია სათაურით ,,რა იგულისხმება დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერად სახელმწიფოს სტრატეგიის მიხედვით” , რასაც სოციალური ქსელში ქართული დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან  საკითხის ირგვლივ მსჯელობა მოყვა , გამოითქვა მოსაზრებები და გაკეთდა დიასპორის საკითხების დაისვა კითხვები , აღნიშნულ მსჯელობას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე: ,,მეგობრებო, პირველ რიგში მინდა გამოვხატო სიხარული იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიასთან დაკავშირებით ცოცხალი დისკუსია მიმდინარეობს. თემის აქტუალურობის გაზრდაში Diaspora.ge -ს დამსახურებაც დასაფასებელია მადლობა ეკუთვნის.

აქვე მინდა გითხრათ, რომ მოცემულ სტატიაში მოცემულია დოკუმენტის მხოლოდ ნაწილი, რომელშიც საუბარია დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერაზე. ვიდრე თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით გიპასუხებდეთ, მინდა ძირითადად აღვნიშნო, რომ დოკუმენტი არის მიზნებისა და ამოცანების ერთობლიობა და მოიცავს პრაქტიკულად ყველა იმ საკითხს, რომელიც აქტუალურია დიასპორისათვის და არის ერთ-ერთი პირველი მცდელობა დამტკიცებული დოკუმენტისა, რომელიც ნებისმიერ დაიმტერესებულ პირს აძლევს საშუალებას მიიღოს ინფორმაცია დიააპორის მიმართულებით გასაკეთებელი საქმის შესახებ. იგი დამტკიცებულია საგარეო საქმეთა მინიატრის ბრძანებით და სიცხადე შეაქვს იმ საქმიანობაში, რომელსაც ვახორციელებთ. დასმულ შეკითხვებს, რაც შეეხება პასუხები შემდეგია:

1. რომელ ორგანიზაციებს გადაეგზავნა? – დოკუმენტის პროექტი გადაეგზავნა ყველა დიასპორულ ორგანიზაციას, რომელიც არის ბაზაში, პარლამენტს და გარდა ამისა განთავსებული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო კომენტარების გაკეთება. განიხილებოდა ასევე დიასპორასთან შეხვედრებისასაც. პროექტის განხილვა ორ ეტაპად მიმდინარეობდა დაახლოებით 6 თვის მანძილზე. მივიღეთ ღირებული რეკომენდაციები, რომლებიც სრულად აისახა და შესაბამისად იგი დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით შემუშავდა.

2. რა დაჯდა დოკუმენტის შემუშავება? – დოკუმენტის შემუშავებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ცალკე არ ყოფილა სახსრები გამოყოფილი.

3. გაკეთდა თუ არა მდგომარეობის ანალიზი? – დოკუმენტი ეხმიანება თითქმის ყველა ძირითად გამოწვევას, რომელიც არსებობს. მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა კი პრობლემების ანალიზის შედეგად ხდება. დასმულია ასევე სხვა კითხვები, რომელიც როგორც ჩანს წარმოიშვა სტატიიდან, რომელშიც მოცემულია ამონარიდი ვრცელი დოკუმენტიდან, მაგრამ ეხება მთელ დოკუმენტს. მსჯელობა საერთო სურათზე ცალკე აღებული ერთ-ერთი ფრაგმენტით ბუნებრივია ვერ იქნება სრულყოფილი და ამიტომ თუ მთლიანობაში მოცემულ ტექსტზე გაიმართება დისკუსია, მასში მონაწილეობას დიდი სიამოვნებით მივიღებ. აქვე მინდა გითხრათ, რომ სამინისტროს დამტკიცებული აქვს “ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის” სტრატეგიის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიცავს მთელ რიგ პროექტებს.    გეტყვით რა გაკეთდა და რა კეთდება დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით პუნქტობრივად.

1. “თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ პერიოდულად განახლებადი ელექტრონული ბაზის შექმნა და სრულყოფა” –  ბაზა შექმნილია და შეიცავს, როგორც ანკეტებს, ასევე ფართო საინფორმაციო ბარათებსაც.

2.”დიასპორული ორგანიზაციების შესახებ სანდო და აქტუალური ინფორმაციის მოპოვება” ქვეყნების მიხედვით განისაზღვრა კურატორები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ეკონტაქტებიან ორგანიზაციებს, სწავლობენ მათ პრობლემატიკასა და საქმიანობას. გამოიცემა ყოველთვიური ბიულეტენი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია დიასპორული აქტივობების შესახებ მთელს მსოფლიოში.

3. “დიასპორული ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა” – შესაძლებლობების ფარგლებში ხორციელდება მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე ძირითადად საკვირაო სკოლების მიმართულებით.

4. “ტრენინგების ორგანიზება დიასპორული ორგანიზაციების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად”  – ეს არის ცალკე პროექტი, რომელიც ასევე წელს განხორციელდება. დეტლებთან დაკავშირებით სექტემბრიდან დაგიკავშირდებით.

აქვე მინდა დავეთანხმო იმ მოსაზრებას, რომ მთლიანად სტრატეგია არის ის ბირთვი, რომლის გარშემოც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია თანამშრომლობა ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მიზნით. ბოლოს კი მინდა გამოვეხმაურო ერთ ფაქტს. ხშირად ისმის ტერმინები დიასპორა და სახელმწიფო ცალ-ცალკე. მინდა მცირედი დაზუსტება გავაკეთო და ვთქვა, რომ დიასპორა სახელმწიფოს ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა. სახელმწიფო კლასიკური გაგებით გულისხმობს ტერიტორიის, ხალხისა და ეფექტიანი ხელისუფლების არსებობას. ამიტომ სამართლებრივი კორექტულობის თვალსაზრისით უმჯობესი იქნება თუ სახელმწიფოს ნაცვლად გამოვიყენებთ ტერმინს სახელმწიფო ხელისუფლება. მჯერა, რომ ერთობლივად მრავალ სირთულეს გადავლახავთ, ჩვენ ყველანი ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან ერთ დიდ საერთო ქართულ საქმეს ვემსახურებით.