ქართველი ემიგრანტებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ემიგრაცია ერთი დიდი ჭაობია, სადაც თუ ფეხი ერთხელ მაინც მოგიხვდა, მერე თავის დაღწევა წარმოუდგენლად რთულია… მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილისა, რომელსაც სამშობლოსა და ოჯახს მოწყვეტილი ადამიანები ყოველდღიურად და ყოველწამიერად განიცდიან, ისინი ვერ და არ ბრუნდებიან საქართველოში და ამისათვის არაერთი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი არსებობს.
ხშირად გაიგონებთ აგრეთვე, რომ ამ წლების განმავლობაში, სწორედ ემიგრანტებმა იხსნეს ქვეყანა და ოჯახები შიმშილისაგან, მაგრამ აღარც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ საკუთარ სახელმწიფოს და ხშირ შემთხვევაში ოჯახებსაც, ნაკლებად აინტერესებთ საქართველოს გადამრჩენელ “ბანკომატ ქალებს” (ხაზს ვუსვამ სქესს, რადგან შრომითი მიგრანტების თითქმის 90 პროცენტს მდედრობითი სქესი წარმოადგენს. ავტ.), რის ფასად უჯდებათ ემიგრაციაში ცხოვრება. დაბრუნების შემთხვევაში კი, ეს ადამიანები ვეღარ ახერხებენ ადგილის პოვნას. ხშირად, ფსიქიკა და ჯანმრთელობა შერყეულნი ბრუნდებიან, რაც უფრო ართულებს მათ რეინტეგრაციას ოჯახებსა და ქართულ საზოგადოებაში.არ ვაპირებ რომელიმე კონკრეტული ემიგრანტული ისტორიით აგიჩუყოთ გული, მინდა ძალიან სერიოზულ პრობლემაზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელიც ნამდვილად განგაშის საფუძველს იძლევა. საუბარია დაავადებაზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, ემიგრანტ ქალბატონებს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უვითარდებათ, როდესაც დიდი მონატრებით და უდიდესი მოლოდინებით ბრუნდებიან ოჯახებში, მაგრამ წლების განმავლობაში მათ მიერ ნალოლიავებ და ნაკოწიწებ სახლებში და ახლობლების გულებში მათი ადგილი აღარ არის. საუბარია დაავადებაზე, რომელსაც უკრაინელმა ფსიქიატრებმა “იტალიური სინდრომი” უწოდეს.
ინტერნეტში გავრცელდა შრომითი მიგრანტების კონსულტანტისა და მათი უფლებების დამცველის, მასიმო ჯაკომინის ვიდეო, რომელიც შეშფოთებულია დაავადების გავრცელების ტემპით. AMBEBI.GE ჯაკომინს დაუკავშირდა. მან კმაყოფილება გამოთქვა საკითხით ქართული მედიის დაინტერესების გამო, რადგან როგორც ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა, პრობლემაზე საუბრის დაწყება მისი გადაჭრის გზის დასაწყისს ნიშნავს.
“ჩემთვის, როგორც იტალიელისათვის, განსაკუთრებულად მტკივნეულია იმის ცოდნა, რომ არსებობს დაავადება, რომელიც ჩემი ქვეყნის სახელს ატარებს. პირველად ეს მოვლენა, როგორც დაავადება, უკრაინაში 2005 წელს დასახელდა ორი ფსიქიატრის მიერ. მათ შეამჩნიეს, რომ იტალიიდან დაბრუნებული ემიგრანტების უმრავლესობას, რომელთა უდიდესი ნაწილი ოჯახებში მოსამსახურეებად და მოხუცების მომვლელებად მუშაობდნენ, ერთი და იგივე სიმპტომები უვითარდებოდათ.
რა არის “იტალიური სინდრომი”? ეს არის ერთგვარი დეპრესიული მდგომარეობა რთულ ფორმებში. იგი ნელ-ნელა მთელს ევროპაში ვრცელდება. დაავადებით განსაკუთრებულად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ქალები იტანჯებიან, რომლებიც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში ძირითადად “ბადანტეებად”, ანუ მოხუცების მომვლელებად მუშაობენ.
როდესაც ემიგრანტები სამშობლოში, წლების წინ დატოვებულ ოჯახებში ბრუნდებიან, ავლენენ შემდეგ სიმპტომებს: მუდმივი გადაღლილობა, უძილობა, წონის მკვეთრი კლება, უხასიათობა, თვითმკვლელობაზე ფიქრი”, განმარტავს ჯაკომინი და იქვე დაავადების მაპროვოცირებელ მიზეზებზეც საუბრობს:”ჩემთვის სრულიად გასაგებია რატომ მიდიან ეს ქალბატონები ამ მდგომარეობამდე. ხშირად, ისინი უმაღლესი განათლების მქონე, დიდი კულტურის მატარებელი პიროვნებები არიან – მასწავლებლები, ინჟინრები, ექიმები, მათ ფინანსური პრობლემების გამო უწევთ დატოვონ მაღალკვალიფიციური სამსახურები, ოჯახები, მცირეწლოვანი შვილები, ჩამოდიან იტალიასა და სხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში და უმეტესწილად შინამოსამსახურეებად, ან მომვლელებად მუშაობენ, რაც მათი კვალიფიკაციის ადამიანისათვის ხშირად თავმოყვარეობის გათელვის ტოლფასია. ისინი ვეღარ პოულობენ საკუთარ ადგილს. ერთ მხარეს არიან ქმრები, რომლებიც ვერ შოულობენ სამსახურს; შვილები, რომლებიც დედების გარეშე იზრდებიან და გამუდმებით ითხოვენ ფულს; მეორე მხარეს კი, არიან ეს ქალბატონები, რომლებიც ხშირად კვირაში შვიდი დღე და დღე-ღამეში 24 საათს მუშაობენ მოხუცებთან და არავისთვის საიდუმლოს არ წარმოდგენს, რომ დამსაქმებელი ოჯახების მხრიდან, ძალიან ხშირად, მათი შრომითი უფლებები ირღვევა. ცხოვრების ასეთი რიტმი, დასვენების საათების უგულებელყოფა და სხვა, ქმნის ფუნდამენტს იმ ფსიქოლოგიური დაავადების განვითარებისათვის, რომელსაც “იტალიური სინდრომი” ჰქვია”.
რუმინელი სპეციალისტების მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, აღნიშნული სინდრომი შრომითი მიგრანტების შვილებშიც შეინიშნება. დამახასიათებელი სიმპტომებია: გულჩათხრობილობა, გარემოდან იზოლირების მცდელობა, სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვა.
სპეციალისტების დასკვნით, აღნიშნული სინდრომისგან განკურნების მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს და ეს ოჯახის გაერთიანებაა; ოჯახებში დაბრუნებული ქალბატონების დაფასება და მიღება, სიტუაციის გათავისებაში დახმარება და გულწრფელად ჩახუტებაა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თუ სამშობლოში დაბრუნებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც, პიროვნება საკუთარი თავის რეალიზებასა და ოჯახში რეინტეგრაციას ახერხებს, დაავადების სიმპტომები უკვალოდ ქრება.
“მესიჯი, რომელიც მინდა ყველა ემიგრანტამდე მივიტანო, არის შემდეგი – იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, მოითხოვეთ კუთვნილი დასვენების საათები და დღეები, გამოიყენეთ და გაატარეთ შვებულება თქვენი ოჯახების გარემოცვაში! ეს შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას და უფრო შრომისუნარიანებიც იქნებით”, – ამბობს შრომითი მიგრანტების უფლებადამცველი.
“ვიმედოვნებ, რომ ჩემი მესიჯი მიაღწევს იტალიურ ოჯახებამდეც, სადაც ეს ქალბატონები მუშაობენ და ოჯახებამდე, რომელთაც არ უნდათ სცნონ “ბადანტეების” უფლებები. მინდა ვუთხრა მათ, რომ როდესაც სამუშაოზე აჰყავთ მომვლელი, არ ნიშნავს, რომ მონას ყიდულობენ ბაზარზე. მათ აქვთ ისეთივე უფლებები, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს და ისინი არიან პიროვნებები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენთვის უძვირფასეს ადამიანებზე”, – ამ სიტყვებით დაასრულა მასიმო ჯაკომინმა ჩვენთან საუბარი.
თუმცა, მხოლოდ იმედზე ყოფნა, მაშინ როდესაც სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული დაავადებით სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების 25 % იტანჯება, მინიმუმ არსებული პრობლემისადმი გულგრილობაა. აუცილებელია მოქმედება, რადგან როგორც ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე განმარტავს – “დეპრესია – სულის მკვდარი ნაფლეთების შენს შიგნით ტარება, საკუთარ გვამზე ორსულობაა”. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ნელ-ნელა შინაგანად ანადგურებს ადამიანს. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა არა ფორმალურად, არამედ კონკრეტული პროგრამების განხორციელებით, მანამდე კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ემიგრაციაში მცხოვრები მოქალაქეების უფასო სატელეფონო იურიდიული, ფსიქოლოგიური და სათარჯიმნო მომსახურებით უზრუნველყოფა.
და რაც მთავარია, აუცილებელია მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება. ალბათ დროა, ამ ქალბატონებს ჩამოსცილდეთ “ბანკომატი ქალების” იარლიყი. ოჯახები უნდა შეეცადონ მიიღონ დედები იმ გულით, რა გულითაც ეს ქალბატონები სამშობლოში ბრუნდებიან. არავინ იმსახურებს შინაგანი ტკივილისგან ნელ-ნელა სიკვდილს მაშინ, როდესაც ამ ტკივილის გამომწვევი მიზეზი, საკუთარი შვილების შიმშილით სიკვდილისგან ხსნის გამო, საკუთარ მეზე უარის თქმაა.
ნინო მამუკაძე სპეციალურად იტალიიდან