დავით ბაქრაძის განცხადებით ქართველი არალეგალი ემიგრანტების დაახლოებით 70% ქალია

0
1906

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის თქმით, მიგრაციაზე საუბრისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს ემიგრანტები ევროპის მოქალაქეებიც არიან. ბაქრაძემ ევროსაბჭოს საპარლანენტო ასამბლეას მიმართა და აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებს საზღვარგარეთ ეძებენ.

“შრომითი მიგრაცია ურთულეს გამოწვევად რჩება, ამიტომ, მიგრაციის თემაზე არც ერთი დებატი არ იქნება სრულყოფილი, თუკი ჩვენ არ ვიმსჯელებთ შრომითი მიგრაციის შესახებ.
ნება მომეცით, საქართველოს მაგალითი მოვიყვანო, რომელიც ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრმა ქართველმა დატოვა ქვეყანა საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით.
მაღალი უმუშევრობა, დაბალი ეკონომიკური ზრდა და საბანკო სესხის გადახდის უუნარობა – სწორედ ამ მიზეზებმა აიძულა ჩვენი მოქალაქეები წასულიყვნენ საზღვარგარეთ და იქ ეძებათ სამსახური.

სამწუხაროდ, მათი უმეტესობა არალეგალური ემიგრანტის სტატუსით მიდის საზღვარგარეთ და მოკლებულია ლეგალური დასაქმების შესაძლებლობებს. აქ სწორად აღინიშნა, ემიგრანტების უმრავლესობა მამაკაცია. საქართველოს შემთხვევაში, პირიქით – სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით არალეგალი ემიგრანტების დაახლოებით 70% ქალია.

არალეგალის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ მათთვის მიუწვდომელია ჯანდაცვა, უსაფრთხოება; არ აქვთ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, არ აქვთ ოჯახის – შვილების მონახულების შესაძლებლობა.

ამიტომ, მიგრაციისა და ოჯახის გაერთიანებაზე მსჯელობისას, აუცილებელია, გავითვალისწინოთ ევროსაბჭოს ყველა წევრი ქვეყნის მოქალაქე” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.