,,უცხოეთში მყოფო საქართველოს მოქალაქეებო – ეს არის მეორე ნაბიჯი : ახალ ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებისთანავე ( მარტი, აპრილი) ამოქმედდება ახალი საკონსტიტუციო ჩანაწერი . უკვე სხვა მოქალაქეობის მიღება აღარ იქნება საქართველოს მოქალაქეობის შეჩერების მიზეზი.
მესამე ნაბიჯი რომელზე ეხლა დაიწყება მუშაობა: ვისაც შეუჩერდა როგორ აღვუდგინოთ მარტივად მათ და მათ შვილებს ! გილოცავთ !“ – ამ კომენტარით გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას რომ ახალი კონსტიტუციით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აპრიორი საქართველოს მოქალაქობის დაკარგვის საფუძველი აღარ არის.
ირაკლი კობახიძის თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს შეთავაზება იყო, რომ შესაბამისი ნორმა უფრო ადრე ამოქმედდეს, ვიდრე სხვა რეგულაციები.
„კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს შესაბამისი ჩანაწერი ემატება და როგორც კი ცვლილებები გამოქვეყნდება, მოქალაქეობის თაობაზე ნორმა ამოქმედდება ”, – დასძინა სპიკერმა.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი კონსტიტუციით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. ამასთან, კონსტიტუციაში დაკონკრეტდა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი ორგანული კანონით განისაზღვრება.