ესპანეთში ქ. ალიკანტეში ქართული კულტურის დღეები გაიმართა

0
1975

ესპანეთში ქ. ალიკანტეში ქართული კულტურის დღეების ფესტივალი გაიმართა, ფესტივალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე საპატიო სტუმრის სტატუსითს დაესწრო.

ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის, მინერალური წყლების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მაყურებლის წინაშე ქ. ალიკანტეში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლი „ივერია“ და ქ. ბარსელონაში არსებული ცეკვის ანსამბლი „საქართველო ქართული ცეკვებით წარსდგნენ.  ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ქართული კინოფილმის პრეზენტაცია; სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.

  ფესტივალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ და ქ. ალიკანტეს მერიის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, გლორია ვარა ხინესმა, სადაც საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხს გაესვა ხაზი.

აღსანიშნავია, რომ ალიკანტეს უნივერსიტეტში გაიმართა შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. უნივერსიტეტს ქართული წიგნები და ქართველი სკულპტორის, ქეთი მელქაძის მიერ შექმნილი სერვანტესის სკულპტურა გადაეცა, რაც უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საექსპოზიციო  დარბაზს დაამშვენებს.

ზვიად გონაძემ შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან მანუელ პალომართან, რომელმაც ქართულ დელეგაციას აღუთქვა სრული მხარდაჭერა ქართველი სტუდენტების მიმართ. შეხვედრაზე განხილულ იქნა ალიკანტეს უნივერსიტეტსა და წამყვან ქართულ უნივერსიტეტებს თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ალიკანტეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შორის კავშირების მნიშვნელობას.
ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ქ. ალიკანტეს მერთან, გაბრიელ ეჩევარასთან. მერმა ქ. ალიკანტეში ქართული დიასპორის სრული მხარდაჭერა გამოხატა.