„ვინც არღვევს ვიზალიბერალიზაციის წესებს და პრინციპებს, ის ავნებს მომავალს და თავის შვილებს პირველ რიგში,“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება ვიღაცის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს.
„ვიღაცები მაინც სარგებლობენ ვიზალიბერალიზაციით იმისთვის, რომ არალეგალურად შევიდნენ ან მოითხოვონ თავშესაფარი ევროპაში. ეს არის პრობლემა, რომელზედაც ორმხრივად ვმუშაობთ ჩვენ და ევროკავშირი. აქ ადგილი არ აქვს გადაბრალებას – მათი ბრალია თუ ჩვენი ბრალია. ორივეს კიდევ მეტი აქვს გასაკეთებელი, მაგრამ ალბათ, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი მოსახლეობის ინფორმირებისთვის. იმისთვის, რომ შეგნება გაიზარდოს, რომ ვინც არღვევს ამ წესებს და პრინციპებს, ის ავნებს მომავალს და თავის შვილებს პირველ რიგში. ეს მოპოვებული უფლება ძალიან ძვირფასია და არავინ არ უნდა აძლევდეს თავის თავს იმის უფლებას, რომ ეს მოპოვებული დიდი უფლება ვიღაცის გულისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს დაყენებული,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.