საფრანგეთი:ქ. რენში ქართული ცეკვის ანსამბლი ჩამოყალიბდა

0
2128

მარი მურადაშვილი ქართველი ემიგრანტი საფრანგეთიდან გვიყვება ქალაქ რენში ქართული ცეკვის ანსამბლის სტუდიის ჩამოყალიბების ისტორიას:

მსურს,მოკლედ მოვყვე თუ საიდან წამოვიდა იდეა და თუ როგორ ჩამოყალიბდა შემდეგში ქართული ცეკვის ჯგუფი საფრანგეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქ.რენში. მოზარდობაში დაახლოებით 4 წელი ვცეკვავდი და სულ აღფრთოვანებული ვიყავი ჩვენი ტრადიციული ცეკვებით.

სტუდენტობის პერიოდში დავტოვე საქართველო და ცეკვაც რა თქმა უნდა მხოლოდ მოგონებებში შემომრჩა… და აი უკვე 16 წელია რაც საფრანგეთში ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. ასოციაცია “Happy Child-ბედნიერი ბავშვი” 2013 წელს ჩამოვაყალიბე და მისი დატვირთვა ძირითადად ქველმოქმედება იყო. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, რომ დავხმარებოდი და გამეხარებინა საქართველოში ზრუნვა მოკლებული ბავშვები, ამიტომ ასოციაციაც ზუსტად ამისთვის შევქმენი და ჩემს საქმიანობას ყოველგვარი აფიშირების გარეშე ვეწეოდი.

ვთვლი რომ სიკეთეს ხმაური არ უყვარს და ქველმოქმედება არ მიმაჩნია პიარის წყაროდ. დიდი ხანი ვგეგმავდი ქართული ცეკვის ჯგუფის ჩამოყალიბებასაც, თუმცა ეს საფრანგეთია და აქ არ არის ადვილი ასე ერთი ხელის მოსმით იპოვო კარგი პროფესიონალი ქორეოგრაფი, დარბაზი, ნებართვა ამა თუ იმ საქმიანობისთვის და ა.შ. მოკლედ მთელი რიგი საკითხები იყო მოსაგვარებელი, მაგრამ დაბრკოლებებს არ შევუშინდი და მიზანს მივაღწიე შრომისმოყვარე, მიზანდასახულ და არაჩვეულებრივ მოცეკვავესთან, ზურასთან ერთად.     

ზურა “დეისი-Art society of Deisi”-ს ხელმძღვანელია, ის პარიზში ცხოვრობს, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში გადაადგილდება საფრანგეთის რამოდენიმე ქალაქში, სადაც ემიგრანტებს ასწავლის ცეკვას და ასე თავდაუზოგავად ემსახურება ქართველ და არა მარტო ქართველ ემიგრანტებს, ემსახურება ჩვენს მომავალ თაობას და მათში ნერგავს სამშობლოს სიყვარულს!

მსურს საჯაროდ უღრმესი მადლობა მოვუხადო მას ამისთვის. სურვილი, რომ ცეკვის სტუდია დაარსებულიყო ქ.რენში რა თქმა უნდა ზურასაგან წამოვიდა, თუმცა მე მას ადრე არ ვიცნობდი და სრულიად შემთხვევით გადავაწყდი მის ამ აქტიურ გამოკითხვას სოციალურ ქსელში, სადაც ის არკვევდა თუ რამდენი იყო მომხრე და მსურველი ჯგუფის შექმნისა. ახლობელმა გოგონამ მომწერა მაშინვე და მითხრა იდეა მშვენიერია და იქნებ შენ ითაო და მოაბა თავი ამ ამბავსო.

რამოდენიმე თვიანი მომზადების, ყველა ფორმალობების მოგვარების და რაც მთავარია ძალიან გულანთებული შემართების ფონზე შეიქმნა ახალი, საფრანგეთის მაშტაბით რიგით მეხუთე სტუდია “დეისი”.

დღეს მე ვარ ამაყი, რომ ჩვენ გვყავს 32 ბავშვი (თუმცა ეს ჯერ დასაწყისია) და რომ გვერდში, ჩემს ასოციაციას უდგას მოცეკვავე ზურა ცუცქირიძე. ამაყი ვარ, რომ ამხელა ბუმბერაზ ქვეყანაში მაქვს შესაძლებლობა ვიყო ამ სასიხარულო ამბის სათავეში და ვუყურო თუ როგორ იღვიძებს თითოეულ ემიგრანტ ბავშვში ყოველივე ქართულის სიყვარული. მეტი წილი ამ ბავშვთაგანი არის საფრანგეთში დაბადებული, ზოგს ერთ-ერთი მშობელიც კი ფრანგი ჰყავს, მაგრამ მათი სამშობლო ერთია! მათი სამშობლო საქართველოა! და ერთხელ გაღვიძებულ ამ სიყვარულს ვეღარაფერი გაანელებს!

რაც შეეხება სიახლეებს, ჩვენ არ ვჩერდებით და ამ წლის სექტემბრიდან ჩვენს ქალაქში უკვე რიგით მეორე, მოყვარულთა 18+ ჯგუფი ჩამოყალიბდება, მსურველთა სია უკვე ივსება და ასევე რა თქმა უნდა სამომავლო გეგმებში შედის არაჩვეულებრივი საღამოები ქორეოგრაფის შრომოთ და ახალბედა დეისელების მონაწილეობით. წინ კი ბევრი ლამაზი იდეა და მიღწევები ელით ჩვენს პატარა ემიგრანტებს, ამაში მე დარწმუნებული ვარ. მინდა ასევე საჯაროდ მოვუხადო მადლობა ჩვენი მერცხლების მშობლებს. რომ არა მათი გვერდში დგომა, შემართება, ჩვენი იდეების გაზიარება და რომ არა სამშობლოს სიყვარული, არ იქნებოდნენ დეისელები!

ასოციაცია “Happy Child” და “Art society of Deisi” მადლობას უხდის ყველას ვინც სულ მცირედი წვლილი მაინც შეიტანა და შეიტანს ასევე სამომავლოდ ქართული ტრადიციული ცეკვის სტუდიის ჩამოყალიბება-განვითარებაში! ძალა ერთობაშია! უღრმესი მადლობა ყველას!