ისინი ვერ ასრულებენ დარჩენისთვის საჭირო პირობებს და ამიტომ აბრუნებენ სამშობლოში -საფრანგეთის ელჩის განმარტება

0
2006

გასულ წელს, 11 თვეში საქართველოში დაბრუნებული ადამიანების რიცხვი 1 300-ია და ყველა მათგანი საფრანგეთში მოგზაურობისთვის საჭირო პირობების დაცვის გარეშე ჩავიდა, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს უპირობო მიმოსვლას.

“ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ეს არის ძალიან წარმატებული პოლიტიკა და მისით ბევრი ადამიანი სარგებლობს. თუმცა უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს უპირობო მიმოსვლას. იმისთვის, რომ გაემგზავრონ ევროპაში, ადამიანებს სჭირდებათ საარსებო საშუალებები, როდესაც ევროპაში იმყოფებიან. მათ საფრანგეთში ყოფნისას მაგალითად სჭირდებათ ჯანმრთელობის დაზღვევა. ხოლო, როდესაც ადამიანები მიდიან შესაბამისი საარსებო საშუალებებით და ჯანმრთელობის დაზღვევით, მათ შეუძლიათ იმოგზაურონ, შეუძლიათ წავიდნენ საფრანგეთში, დატკბნენ ცხოვრებით საფრანგეთში ან ევროპაში და უკან დაბრუნდნენ, ეს მშვენიერია. პრობლემაა მაშინ, როცა ადამიანებს სურთ გაემგზავრონ საჭირო საარსებო საშუალებების გარეშე. მათი განაცხადი უარყოფილია, რადგან ეს განაცხადი არ არის კანონიერი და მას სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები უარს ეუბნებიან. ეს არის მიზეზები, თუ რატომ აბრუნებენ ადამიანებს უკან, რადგან მათ არ აქვთ დარჩენის უფლება და არ აქვთ უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება, რადგან ისინი ვერ ასრულებენ საფრანგეთში დარჩენისთვის საჭირო პირობებს. გასულ წელს 11 თვეში საქართველოში დაბრუნებული ადამიანების რიცხვი 1 300-ია და ყველა მათგანი საფრანგეთში მოგზაურობისთვის საჭირო პირობების დაცვის გარეშე ჩავიდა“, – განაცხადა ელჩმა.