,,მარტიდან დღემდე საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს შვიდ მოქალაქეს დაუდგინდა კორონავირუსი. ეს ყველა შემთხვევა ეპიდემიის პირველი ტალღის დროს იყო.” – ეს განცხადება საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პორტალ nostal.ge -თვის მიცემულ ინტრვიუში გააკეთა . ქართველი დიპლომატის ინფორმაციით – ,,საბედნიეროდ, არცერთი შემთხვევა ფატალურად არ დასრულებულა. ჩვენი საკონსულოს თანამშრომლები სისტემატურად უკავშირდებოდნენ ინფიცირებულ მოქალაქეებს; გვქონდა კავშირი იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, სადაც ისინი მკურნალობდნენ. ისე, რომ თვალყურს ვადევნებდით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას.” – განაცხადა დავით დონდუამ.
ელჩი განმარტავს ასევე რომ საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა დიასპორას და ,,2020 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 23 309 მოქალაქეს. მთავრობის ხელშეწყობითა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი ჩარტერული რეისებით, ასევე სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 25 198 მოქალაქე.”
რაც შეეხება საბერძნეთს სადაც განსაკუთრებულად დიდი რიცხოვნობის დიასპორაა წარმოდგენილი დავით დონდუას ინფორმაციით პანდემიის მწვავე ფაზაში, ორი თვის განმავლობაში მოხერხდა საქართველოს 1500-მდე მოქალაქის საკვებით უზრუნველყოფა,ხოლო 150 ადამიანის დროებით თავშესაფარში გადაყვანა.