საქართველოში უცხოელთა ბინადრობის ნებართვის ბარათების გაყალბებისგან დასაცავად დიზაინი იცვლება.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ანრი ოხანაშვილის 10 მარტის ბრძანებაშია ნათქვამი , როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ საქართველოში მცხოვრები დროებითი და მუდმივი ბინადრობის, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ვიზუალი 2025 წლოს 4 ივნისიდან შეიცვლება.
ძველი ბინადრობის ნებართვები ახალი ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. ამასთან, ბრძანების თანახმად, მოწმობაზე დაიტანება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა.
როგორც იუსტიციის მინისტრის ახალ ბრძანებაშია ნათქვამი „მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს.მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია,“ – აღნიშნულია იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში.