მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა

0
38

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა.

საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ვისკონტების სასახლეში გაიმართა.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე.

„ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავებას, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი, კახა კალაძე, მილანის მერი ჯუზეპე სალა, მილანის პრეფექტი კლაუდიო ზგარალია და ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი მარკო ალპარონე.

კახა კალაძის თქმით, საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს. „მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახა კალაძის ყველა ოცნება რეალობად აქცია“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, მილანის მერმა, ჯუზეპე სალამ საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და იტალიის მეგობრობა, თანამშრომლობის იდეები ძალიან გულწრფელია. „თქვენი წარმომადგენლობა, საკმაოდ დიდი ხანია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს დიდი დიასპორა ჰყავს იტალიაში, ეს მნიშვნელოვანი თემია, მნიშვნელოვანი, აქტიური დიასპორაა და ეს დიასპორა გვეხმარება მილანის თანამედროვე ცხოვრების ხორცშესხმაში“, – განაცხადა მილანის მერმა.

ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა, მარკო ალპარონემ კი აღნიშნა, რომ საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ახლობელი ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, არამედ გარემოს დაცვის, ტურიზმის სფეროში და ნებისმიერი კუთხით.

ვისკონტების სასახლეში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი გაიმართა.