Travel To Georgia-ს დირექტორის ლაშა ბერიკაშვილის განცხადებით , 2025 წელს საქართველოდან მოქალაქეები ძირითადად მოგზაურობენ პარიზში, რომსა და საბერძნეთში.
ამასთან, წლევანდელ სეზონზე გაზრდილია მოთხოვნა პორტუგალიაზე.
„წლიდან წლამდე გამყვან ტურიზმზე იზრდება მოთხოვნა, რასაც ხელი შეუწყო უვიზო მიმოსვლის გამარტივებამ და ტურისტული კომპანიების ორიენტირებამ ჯგუფურ ტურებზე, რაც აიაფებს ტურებს. გარდა ამისა, ვხედავთ ტურებში ისეთ ადამიანებს, რომლებიც მანამდე ვერ მოგზაურობდნენ სხვადასხვა დაბრკოლების გამო.
გამოვყოფდი იმას, რომ ოჯახის წევრები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან გარკვეულწილად უფინანსებენ საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებს მოგზაურობებს და ანაზღაურებენ დანაკლისს ოჯახთან სიშორის გამო – ამ ნაწილში არის აქტივობა.
წელს განსაკუთრებით მოთხოვნადია რომი, პარიზი, საბერძნეთი. ეს უკანასკნელი მიმართულება წელს განსაკუთრებით გააქტიურდა, რადგან თურქეთის ფასები გაიზარდა, საბერძნეთის ფასებს გაუტოლდა და ამ მიმართულებაზე გადამისამართება ხდება.
გარდა ამისა, მოთხოვნა გაჩნდა ახალ მიმართულებებზე, მაგალითად გამოვყოფდი პორტუგალიას, რამდენჯერაც დავდეთ ტური, თითქმის 2-3 დღის ვადაში ყველა ადგილი გაიყიდა. ვფიქრობთ, რომ თუ უვიზო რეჟიმი შენარჩუნდა კიდევ უფრო მეტი აქტივობა იქნება შემოდგომიდან გამყვანი ტურიზმის მიმართულებით“, – აღნიშნავს ლაშა ბერეკაშვილი.