ზვიად კვაჭანტირაძე უცხოეთში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული თანამემამულეებისთვის საქართველოში პანსიონატების შექმნის ინიციატივით გამოდის

0
4089

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე უცხოეთში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმული თანამემამულეებისთვის საქართველოში პანსიონატების შექმნის ინიციატივით გამოდის.

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, დღეს მოქმედი „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამა ვიწრო სოციალური პროექტია და არსებული ბიუჯეტის ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს.

“პროგრამა ძირითადად ემსახურება დაბრუნებულ ემიგრანტთა სოციალურ მიზნებს, რაც საკმარისი არ არის. ეს პროგრამა ვერ წვდება ყველა არსებულ გამოწვევას და საჭიროა მისი გაძლიერება. სახელმწიფოს პოლიტიკა მიზნად უნდა ისახავდეს იმ ემიგრანტების სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს. მათი დაბრუნება, უდავოდ დიდი ბედნიერება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. კომიტეტი გამოდის წინადადებით, გაიზარდოს პროგრამის ფორმატი, მოცულობა და შესაბამისად, მისი საბიუჯეტო დაფინანსება. იმისათვის, რომ რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, საჭიროა სრულად გადაიხედოს და მოხდეს მისი დივერსიფიკაცია. რეინტეგრაციის არსებული სახელმწიფო პროგრამა არ მოიცავს ემიგრაციაში მყოფ იმ მარტოხელა ხანდაზმულ თანამემამულეებს, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ საქართველოში არც საკუთრება გააჩნიათ და არც ახლო ნათესავები ჰყავთ. სახელმწიფო ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს მარტოხელა, ხანდაზმული ემიგრანტების ამ კატეგორიაზე, რომელთათვისაც ოცნებად იქცა საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნება და აუცილებლად უნდა აშენდეს მათთვის პანსიონატები. ამისთვის აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ეს ამოცანა ღირსეულად და წარმატებით გადავწყვიტოთ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისივე თქმით, ხანდაზმულ ემიგრანტთა სამშობლოში ღირსეული დაბრუნება, ქართული სახელმწიფოს დიდი მიღწევა იქნება. ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, დიასპორის საპარლამენტო კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს მთავრობას საზღვარგარეთ ქართული ემიგრაციისთვის, ვისაც სურვილი აქვს დაბრუნდნენ სამშობლოში რეინტეგრაციის არსებული სახელმწიფო პროგრამის უკეთ გასაცნობად განხორციელდეს აქტიური საინფორმაციო კამპანია და მათთვის ცალკე, სპეციალური საინფორმაციო პაკეტი შეიქმნას.

“მთავრობის მიერ გაჟღერებული უახლესი ინიციატივების და რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში სახელმწიფოს აქვს არაერთი მიმზიდველი პროგრამა, მაგალითად სტარტაპების ხელშემწყობი პროგრამების ჩათვლით, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს უცხოეთში მცხოვრებ იმ ჩვენ თანამემამულეებს, ვისაც ამის სურვილი გააჩნიათ, ეფექტურად დაგეგმონ სამშობლოში დაბრუნება. საჭიროა ამ რესურსების ერთად თავმოყრა, მათი პროფესიონალური ანალიზი და მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროგრამების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ემიგრანტებამდე სწორად მიტანა. ეს რეკომენდაცია მთავრობის მისამართით კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული”, – აღნიშნა დეპუტატმა.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, როგორც კი მთავრობის დავალებით ასეთი სრულყოფილი საინფორმაციო პაკეტი მზად იქნება, საჭირო გახდება საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ამ პროდუქტის დროული და სწორი მიწოდება.

წყარო:ინტერპრესნიუს