არჩილ თალაკვაძე ზვიად კვაჭანტირაძის პოზიციის მიუხედავად უვიზო რეჟიმის დამრღვევთა მკაცრ დასჯას უჭერს მხარს.

0
1548

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები საჭიროა, რათა ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც უვიზო რეჟიმის პირობებით კეთილსინდისიერად სარგებლობენ, მომავალში დაცულები იყვნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები, რომლებიც უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ეხება, ევროკავშირთან შეთანხმებულ საკითხებს საქართველოს კანონმდებლობაში ასახავს.

„ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელიც პრაქტიკულად ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში მოცემულ საკითხებს, იმ კრიტერიუმებს, რომელიც ევროკავშირთან თავიდანვე შეთანხმებული იყო, უკვე ჩვენს კანონმდებლობაში ასახავს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც უვიზო რეჟიმის პირობებით კეთილსინდისიერად სარგებლობენ, მომავალში დაცულები იყვნენ. ამასთან, ევროკავშირთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მტკიცე და საიმედო გახდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას, რომლის თანახმად, ის ცვლილებების პროექტის ინიციატორებიდან საკუთარი ხელმოწერის ბათილობას ითხოვს, თალაკვაძის თქმით, კანონპროექტის გარშემო საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება არ არის.

„ეს ცვლილებები არავითარი დაპირისპირების საგანი არ არის. რაც შეეხება დეტალებს, ეს ცვლილებები სტანდარტული პროცედურით იქნება მიღებული და ნებისმიერ კითხვას, რომელიც ამ ცვლილებებთან დაკავშირებული იქნება ჩვენ პასუხებს გავცემთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, არ იცის, რატომ უნდა ზვიად კვაჭანტირაძეს კანონპროექტიდან საკუთარი ხელმოწერის გაწვევა.

„კვაჭანტირაძეს რატომ უნდა ხელმოწერის გაწვევა, ვერ გეტყვით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს, რის გამოც კანონპროექტის ინიციატორებიდან საკუთარი ხელმოწერის ბათილად ცნობას ითხოვს.

რაც შეეხება ცვლილებებს, კანონპროექტით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ან მისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ამასთან, პროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ასევე სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობით დაისჯება.

იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნული ქმედებები ჩადენილია – არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიერ, ყალბი საბუთების გამოყენებით, გათვალისწინებულია ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ ზემოაღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სანქცია შვიდიდან 10 წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.