განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები – სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები – პროგრამის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. აგრეთვე, ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის განვითარებისთვის კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა – სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება კონკურსის წესით და საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე.
საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები – გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტულად გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას კონკურსის წესით.
სახელოვნებო პროგრამას განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ოთხივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
ელ. განაცხადების მიღება 25 აპრილიდან დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 7, მეორე სართული.
ტელ: +995 322 97 01 97.