„ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის ენიო მორიკონეს კონცერტი ჩატარდა. ის ქართველი მსმენელის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგა. იტალიელმა მაესტრომ ცნობილი კომპოზიციები რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის თეატრის გუნდთან ერთად შეასრულა.
მორიკონეს სცენაზე ცნობილი იტალიელი სოპრანო სუზანა რიგაჩიც შეუერთდა.
ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩატარდა და მასშტაბურმა ღონისძიებამ, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი გახსნა.
„დარწმუნებული ვარ, მორიკონეს კონცერტით თითოეულმა იქ მყოფმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღო. ცოცხალი კლასიკოსისგან მოვისმინეთ მუსიკა, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. Check in Georgia ს ფარგლებში წელს კიდევ არაერთი ძალიან კარგი კონცერტი გვექნება, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში ისევე, როგორც შოუ-ბიზნესის განვითარებას“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.