უხუცესი ქართველი ემიგრანტი , ნიუ იორკის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერი და მისი ყოფილი მდივანი ნიკო თოფურია აშშ-ში გარდაიცვალა.
ნიკო თოფურია მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში დაიბადა, სადაც მისი წინაპრები აბაშიდან გადმოსახლებულან და მარტვილის მონასტრიდან სამ კილომეტრში დაფუძნებულან. ნიკოს მშობლებს – დონია ფაილოძესა და დომენტი თოფურიას ექვსი შვილი ჰყავდათ. ცხოვრობდნენ 1914 წელს აშენებულ დიდ მეგრულ ოდაში. ვრცელ ეზოში მოჰყავდათ ბამბა, უვლიდნენ ცხვარს, აბრეშუმის ჭიას, ქსოვდნენ უხეშ ქსოვილ “ფართალსა” და “ღართს”. მრავალი წლის შემდეგ, ემიგრაციაში დაწერილ მემუარებში ნიკო თოფურიამ დიდი სიყვარულით აღწერა მშობლიური სოფელი, დედულეთი და თავისი სიყმაწვილე.
ბავშვობაში ნიკოს ჰეპატიტი აღმოაჩნდა და სამკურნალოდ თბილისში ჩაიყვანეს. ბიძამის, პლატონ თოფურიას და მის მეუღლეს, დარიკოს შვილი არ ჰყავდათ, პატარა ნიკო ძალიან შეუყვარდათ და საცხოვრებლად თავისთან დატოვეს. 1937 წელს დაამთავრა თბილისის 32-ე საშუალო სკოლა. 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე, მაგრამ სწავლა არ დასცალდა. 1941 წ. ნოემბერში ომში გაიწვიეს. 1942 წ. სექტემბერში ყუბანის სტანიცა “გარიაჩიე კლუჩის” მიდამოებში ფეხში დაიჭრა, გერმანელებმა შეიპყრეს და კრასნოდართან ტყვეთა ბანაკში მოათავსეს. 1943 წ. ნიკო თოფურია ქართველი და აზერბაიჯანელი ტყვეებისგან ჩამოყალიბებულ შრომით ბატალიონში ჩაწერეს. ყირიმსა და ქერჩში სანგრებს თხრიდა. აქ მეორედ დაიჭრა ფეხში. ოდესაში გადააფრინეს და ერთი დღით გაასწრო ტრაგედიას: მისი ბატალიონის წევრები საბჭოებმა შეიპყრეს და გაანადგურეს. ოდესიდან ვარშავაში ჩაიყვანეს, მოხალისეთა ეროვნულ ბატალიონში ჩაწერეს და სამხრეთ საფრანგეთში, კასტრში გადაიყვანეს.
1944 წლის გაზაფხულზე მეორე ფრონტი გაიხსნა, საფრანგეთი გათავისუფლდა. მოკავშირეებმა, იალტის კონფერენციის შეთანხმებისამებრ, ტყვეები საბჭოთა მხარეს გადასცეს. ისინი კი მათ ადგილზე ხვრეტდნენ ან ციმბირში ასახლებდნენ. ნიკო რეპატრიაციას იმით გადაურჩა, რომ ცოტა ხნით ადრე ჩრდილო იტალიაში, ვენეციასთან, ქალაქ პორდენონეში გახსნილ ლაზარეთში გადავიდა სანიტრად. ლაზარეთში მომუშავე იტალიელებმა ის დამალეს, მერე პარტიზანებს მიეკედლა და გადარჩა. მოგვიანებით ლაზერეთი ინგლისელებმა დაიკავეს, ნიკომ მათთან დაიწყო მუშაობა, მაგრამ ინგლისელთა წასვლის შემდეგ დააკავეს და სამხრეთ იტალიაში კუნძულ ლიპარის გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში გადაგზავნეს. საქმე ისაა, რომ 1948 წელს, საფრანგეთის დროებითი მთავრობის ხელისუფლებიდან შარლ დე გოლის წასვლისა და სოციალისტთა მოსვლის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ყოფილი ტყვეებისა და გერმანიის მხარეს მებრძოლი ემიგრანტების გაცემა მოითხოვა. მათაც, კოლაბორაციონიზმისა და ფაშისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ბევრი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ქართველთა მდგომარეობა დამძიმდა, საკუთარი თავის გადარჩენის გარდა, ემიგრანტებს მათზე მინდობილი ყოფილ საბჭოთა ტყვეებზეც უნდა ეზრუნათ. 1950 წელს, გიორგი აფხაზის თავმჯდომარეობით, დაარსდა “ქართული პოლიტიკური კომიტეტი იტალიაში”. ორგანიზაციის მიზანი იყო, დახმარებოდა ქართველთა ასოციაციას ბანაკებში მოთავსებული ტყვეების გათავისუფლებაში. მიუნხენის კოლონიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე კორძაიამ, შუამდგომლობა აღძრა და ტყვეთა გასათავისუფლებლად მემორანდუმით მიმართა იტალიის მთავრობის თავმჯდომარეს, ვატიკანს, წითელ ჯვარს. 1951 წ. ტყვეები ფორმალურად გაასამართლეს, გაათავისუფლეს და ნეაპოლთან, სატრანზიტო ბანაკ ბანიოლაში გადაიყვანეს, სადაც თვითონ გადაწყვეტდნენ, თუ სად უნდოდათ წასვლა. ინგლისურენოვან ქვეყნებში გადანაწილებასა და სამუშაოს შოვნაში ლტოლვილებს დახმარებას უწევდა “ტოლსტოის ფონდი”, რომელსაც თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი ხელმძღვანელობდა. იგი იმავდროულად ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილეც გახლდათ და, როგორც იურისტი, ქართველებს იურიდიულ საქმეებსაც უგვარებდა. 1951 წლის აგვისტოში ამერიკაში ჩასულ ნიკო თოფურიას ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ლეო დუმბაძე და ელზა ცომაია დახვდნენ. ის ერთი წლით ადრე ჩასულ ექიმ ჩხატარაშვილთან დააბინავეს. მუშაობა თავდაპირველად ნიუ–იორკის გარეუბან კოლეჯ–პოინტში, რუსეთის ყოფილი კაპიტნის, თევდორე გაბელიას ქაღალდის ჭიქების დიდ ქარხანაში დაიწყო. შემდგომში ნიუ–იორკის ვიცე–მერის, ქალაქის სატრანსპორტო გაერთიანების უფროსის კონსტანტინე სიდამონ–ერისთავის ხელშეწყობით გზების რეკონსტრუქციის ინჟინრის დამხმარის თანამდებობა მიიღო. თანდათან ყველაფერში გაერკვა, რამდენიმე გამოცდაც ჩააბარა და მუდმივ შტატში ჩაირიცხა. რაკი გზების მომსახურე პერსონალი, ინჟინრები და კონტრაქტორები ძირითადად იტალილები იყვნენ, ნიკომ კი იტალიური იცოდა მათთან თავს კარგად გრძნობდა, სიყვარულით მეტსახელად “ჯორჯიან ამბასადორი” შეარქვეს, რადგან სულ საქართველოს ქებაში იყო.
1956 წელს ნიუ–იორკში გაიცნო ცნობილი ემიგრანტის, ნოე რამიშვილის ნათესავის, ერთეოზ რამიშვილის ქალიშვილი – ელისაბედი. ისინი დაქორწინდნენ, 1957 წლის 27 იანვარს კი ქალიშვილი, ნინო შეეძინათ. დაოჯახებისას მათი ყველაზე დიდი პრობლემა უბინაობა იყო. დანაზოგითა და ქართველთა სათვისტომოს დახმარებით, პატარა, ეზოიანი, ორსართულიანი ძველი სახლი იყიდეს, რომლის წესრიგში მოყვანა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ნიკოს სახლის შესაკეთებლად სხვადასხვა ხელობის შესწავლა მოუხდა. მათი სარდაფი, შეკეთების შემდეგ, ემიგრანტი და “საბჭოთა” ქართველების შეკრების ადგილი გახდა. სახლის მოვლა–შენახვა ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მეორე სართული გააქირავეს, სადაც მეუღლესა და ორ შვილთან სერგო გაბუნია ცხოვრობდა, პირველ სართულზე ერთი ოთახი ტყვეობაში მის მეგობარს ცნობილ ეროვნულ–დემოკრატს დიმიტრი (მიტო) სინჯიკაშვილს დაუთმეს. 1957 წელს პირველი ტალღის ემიგრანტის – ალექსანდრე ცომაიას გარდაცვალების შემდეგ, დიმიტრი მარტო უშვებდა ამერიკის კონტინენტზე პირველ სტამბურად ნაბეჭდ დიდი ფორმატის გაზეთს “ქართული აზრი” (1955-1974 წწ.). დღისით ქარხანაში მუშაობდა, საღამოს კი დაღლილი, ლინოტიპს უჯდა და თვითონვე აწყობდა მასალებს. გაზეთის გარშემო ეროვნულ–დემოკრატიულ პლატფორმაზე მდგარი ქართველები იყვნენ გაერთიანებულნი. ნიკო პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად არ ჩართულა, მაგრამ 1959 წლიდან ქართველ ემიგრანტთა მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ინიციატივით გამართულ “დამონებულ ერთა კვირეულებში” და მე-5 ავენიუზე მოწყობილ დემონსტრაციებში. ქართველთა კოორდინატორი ამ მიტინგებზე 1924 წლის აჯანყების მონაწილე გრიგოლ აბულაძე იყო.
1967 წ. ნიკო თოფურია ნიუ–იორკის ქართული სათვისტომის მდივნად აირჩიეს.
ნიკოს ერთადერთ ქალიშვილს, ნინოს სამი ვაჟი შეეძინა – ნიკო, ბილი და დენი.
ნიკო თოფურიას სიმამრმა, ერთეოზ რამიშვილმა, 1960-იან წლებში დისთვის გამოგზავნილ წერილში ნიკოს ოჯახის სურათიც ჩადო. ასე გაიგეს თოფურიებმა, რომ ნიკო ცოცხალი ყოფილა. არადა, 1943 წელს ვიღაცას მოუწერია ოჯახისთვის, ნიკო ჩემი ხელით დავმარხეო, რამაც ისე იმოქმედა ავადმყოფ დედამისზე, რომ ჭამა აიკრძალა და ახალგაზრდა გარდაიცვალა. აღარც პლატონ ბიძია იყო ცოცხალი. დიდი ხნის წინ გამოტირებული ნიკოს გამოჩენა წარმოუდგენელი სიხარული იყო ახლობლებისათვის. 1996 წელს 78 წლის ასაკში 55-წლიანი განშორების შემდეგ, ნიკო თოფიურია ქალიშვილთან ერთად პირველად ეწვია სამშობლოს (2010 და 2012 წლებშიც ჩამოვიდა). თბილისში ბატონმა ნიკომ მოინახულა მშობლიური უნივერსიტეტის ეზო, ქიმიის ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები, თბილისის ნაცნობი და უცნობი ადგილები. განსაკუთრებით მტკივნეული იყო მშობლიურ სოფელში ჩასვლა.
1998 წელს გამოცემულ ნიკო თოფურიას წიგნში – “სადაურსა სად წაიყვან”, ვრცლადაა გადმოცემული ავტორის თავგადასავალი, შესანიშნავადაა დახასიათებული პირველი და მეორე ტალღების ემიგრანტთა მთელი გალერეა, ამერიკის ქართული დიასპორის ცხოვრება. 1999 წელს წიგნი მეორედ გამოიცა სათაურით – “დაბრუნება 55 წლის შემდეგ”.