ფინანსთა მინისტრი ფიქრობს რომ საჯარო სექტორში ხარჯების შემცირება და სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაა შესაძლებელი.

0
1941
  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ხორვატიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაზე (Constituency Meeting) ,,თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო შევამციროთ ხარჯები საჯარო სექტორში და გავხადოთ სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის”

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევებია. „შეხვედრაზე განიხილება თანამედროვე ტექნოლოგიების, ამ შემთხვევაში, ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა საჯარო სექტორში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ. ამასთან ერთად, საუბარი გვქონდა ფინანსურ ტექნოლოგიებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მცირე და მიკრო მეწარმეებს უფრო მარტივი მექანიზმებით მივაწოდოთ დაფინანსება და შესაბამისად, გავხადოთ ისინი უფრო კონკურენტუნარიანები“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრას (Constituency Meeting) 15 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები) ფინანსთა მინისტრები, ასევე, ცენტრალური ბანკების მმართველები ესწრებიან.