საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა.
ამის შესახებ განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა.
ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მინისტრის ბიოგრაფია, რომლის თანახმად, მინისტრობამდე, 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე მამუკა ბახტაძე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო. 2010-2012 წლებში კი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორად მუშაობდა.
უფრო ადრე, 2007-2008 წლებში მამუკა ბახტაძე სასტუმროების ქსელ „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2005-2006 წლებში კი სს „საქართველოს რკინიგზაში“ პროექტის მენეჯერი იყო.
რაც შეეხება განათლებას. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ასევე აქვს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 2010 წელს მამუკა ბახტაძეს INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა.