ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა 4% ქართველია

0
4229

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, 2018 წლის პირველ კვარტალში თავშესაფარი 131 ათასმა ადამიანმა მოითხოვა. ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ეს წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.

2017 წლის მეოთხე კვარტალში ევროკავშირში 154 ათასი თავშესაფრის მაძიებელი დარეგისტრირდა.

ევროსტატის მონაცემებით, იმ პირთა შორის, ვინც 2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში თავშესაფარი მოითხოვეს, 4%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ.

ევროსტატის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის ბოლო კვარტალში (ოქტომბერი-დეკემბერი) ევროკავშირში საქართველოს 3615-მა  მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი, 2018 წლის იანვარი-მარტში კი  4970-მა  (იანვარში – 1730, თებერვალში – 1655, მარტში – 1585).

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე ბევრი კვლავ სირიელია. იანვრიდან მარტამდე პერიოდში თავშესაფრის თხოვნით ევროკავშირს 15 800-მა სირიელმა მიმართა, რაც საერთო რაოდენობის 12%-ია. მეორე ადგილს ერაყელები იკავებენ (9200– 7%), მესამეს კი ავღანელები (7700 – 6%).

ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი 2018 წლის პირველ კვარტალში გერმანიაში დარეგისტრირდა. ამ ქვეყანაში თავშესაფარი 34 400-მა მიგრანტმა მოითხოვა, რაც საერთო რაოდენობის 26%-ია. ამ მაჩვენებლით, მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს 25 300 (19%) განაცხადით, შემდეგ კი იტალია- 17800 (14%).

30%-ით შემცირდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ავსტრიაში, 25%-ით გერმანიაში, 24%-ით შვედეთში, 22%-ით კი იტალიაში.

ევროსტატის ინფორმაციით, 2018 წლის მარტის მდგომარეობით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში განხილვის პროცესში თავშესაფრის მიღების მსურველთა 892 ათასი განაცხადია.