ვფიქრობ, რომ არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას, ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა თავისი ძლიერი მხარეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ დავწრილებით ისაუბრა იმ პრინციპებსა და ხედვებზე, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.
„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, იმ ხედვის ძირითადი პრინციპები, რომელიც მე წარმოვადგინე და რომელიც მდგომარეობს შემდეგში: პირველი – ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის, მე ვიტყოდი ცივილიზაციური არჩევანის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის მიღწევა. „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, აქვს უზარმაზარი წარმატებები ამ გზაზე და ეს წარმატებები კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. მეორე – ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმები ყველა მიმართულებით მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის. გვჭირდება, ქვეყანა იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე და შეესაბამებოდეს იმ გამოწვევებს, რაც აქვს 21-ე საუკუნის გლობალურ ეკონომიკას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია რეფორმები, რომელიც ქვეყანას დაეხმარება, რომ დაამარცხოს საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა – სიღარიბე.
„ჩვენ გვჭირდება ყველა ძალისხმევის კონსოლიდაცია, რომ ერთხელ და სამუდამო გავუმკლავდეთ სიღარიბეს საქართველოში. შემდეგი ეს გახლავთ მცირე ზომის მთავრობა, ამაზე ბევრი ითქვა და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა არა იმისთვის, რომ ეს კონცეპტუალურად ლამაზია, გვჭირდება იმისთვის, რომ რეფორმები განვახორციელოთ ეფექტურად, გავზარდოთ სამთავრობო უწყებების ოპერატიულობა და რაც მთავარია, ამ გადაწყვეტილებების დადებითი ეფექტი მაქსიმალურად მოკლე დროში მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. შემდეგი გახლავთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი, ეს არის ფოკუსირება ჩვენს ახალგაზრდებზე, ინოვაციებზე და განათლებაზე. ჩემი შეხედულებით სწორედ ახალგაზრდული ენერგია, შემართება და ის მეწარმულისულისკვეთება, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში გახდება ფუნდამენტი, რომ საქართველო შევა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. სწორედ ეს არის ის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით ვაშენოთ ძლიერი სახელმწიფო. ხაზი მინდა გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მომენტს, ბუნებრივია ამ პრინციპების დანერგვაში დიდი როლი უკავია ჩვენი არსებული ეკონომიკური მოდელის შეცვლას. შეცვლას ისე, რომ მასში გამოირიცხოს უსამართლო თამაშის წესები და ის იყოს დაფუძნებული სამართლიანი თამაშის წესებზე. მე არაერთხელ დამისვეს ეს შეკითხვა არაერთხელ მინდა განვაცხადო, რომ დიახ, მე ასე ვფიქრობ, რომ არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას, ხელს უწყობდა, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა თავისი ძლიერი მხარეები და ვერ წარმოაჩინა პოტენციალი, რომელიც მას აქვს იმდენი, რომ ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე ვიყოთ კონკურენტუნარიანი ეკონომიკა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძე.
მისივე თქმით, ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, ადამიანი.
როგორც ბახტაძე აცხადებს, არც ერთი რეფორმა არაფრად არ ღირს, თუ ის არ არის მიმართული ადამიანის კეთილდღეობაზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე.
„ადამიანი იყო, არის და მუდამ იქნება, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ფასეულობა. არც ერთი რეფორმა არაფრად არ ღირს, თუ ის არ არის მიმართული ადამიანის კეთილდღეობაზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე. ამასთან ერთად, ისეთ გარემოს შექმნაზე, სადაც თითოეული მოქალაქე შეძლებს თავისი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას საკუთარ სამშობლოში, საქართველოში. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩემი ხედვები ეფუძნება და რასაც ეფუძნება ის 32 ინიციატივა, რომელიც არის ჩადებული პროგრამაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.