ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც- გიორგი მარგველაშვილი

0
1422

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს რომ :   1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ისტორიული დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. მას შემდეგ დეკლარაციის სულისკვეთება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თანამედროვე პოლიტიკის მიზნებსა და ხასიათს. ნებისმიერი ხელისუფლება იმის მიხედვით ფასდება და განისჯება, თუ რამდენად ერთგულებს უმთავრეს ეთიკურ პრინციპს: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“.

ადამიანის უფლებები ზოგადად – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ეკოლოგიურ და ა.შ. უფლებათა მთლიანობას წარმოადგენს. მხოლოდ მისი სრულად აღიარებისა და განხორციელების შემთხვევაში გვაქვს თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება.

საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს და იცავს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს.

სამწუხაროდ, არც ერთი საზოგადოება არაა სრულად თავისუფალი სხვადასხვა მოტივებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისაგან. თუმცა უდავოა, რომ ამ თვალსაზრისით ხალხისა და ხელისუფლების ერთსულოვნებას, საერთო მიუღებლობას ყოველგვარი ჩაგვრისა და ძალადობისა და, ამავდროულად, ტოლერანტობის ატმოსფეროს დამკვიდრებას მინიმუმამდე დაჰყავს მსგავსი მოვლენები.

ამიტომ, თანასწორობისა და თავისუფლების იდეალთა ჩვენ ყოველდღიურობად ქცევა საზოგადოების თითოეული წევრის უწყვეტ ძალისხმევას ითხოვს. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც.