ავთო ებრალიძის წარმატება პორტუგალიაში და მისი ყოველი წარმატებით პოპულარიზებული საქართველო

0
1242

ქართველი ფეხბურთელი ავთო ებრალიძე კარიერას პორტუგალიური სუპერლიგის მეექვსეადგილოსან “ავეშში” გააგრძელებს. ეს, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია 26 წლის შემტევი ნახევარმცველის კარიერაში, რომელმაც წინა სეზონი რანგით მეორე ლიგის “აკადემიკა ვიზეუში” გაატარა.

ქართული სპორტული გაზეთი “ლელო” ავთო ებრალიძესთან ინტერვიუს ავრცელებს, რომელსაც DIASPORA.GE რუბრიკის ქართველები მსოფლიოში ფარგლებში ჩვენც გთავაზობთ:
– თავდაპირველად, გილოცავთ ახალ კლუბში გადასვლას. საინტერესოა, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც “ავეში”?

– პირველი მიზეზი არის მიზნები. მინდოდა ისეთ კლუბში გადასვლა, რომელიც არ იბრძოლებდა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ იმისთვის, რომ მოხვედრილიყო საუკეთესო შვიდ-რვა გუნდში და ებრძოლა ევროპალიგის საგზურის მოსაპოვებლად. ამას ვეუბნებოდი ყველას, ვინც ჩემს ტრანსფერზე მუშაობდა.

– უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ახალ კლუბზე…

– წინა სეზონი გუნდმა ძალიან კარგად ჩაატარა და მე-6 ადგილზე გავიდა. ძალიან ცოტა დააკლდა ევროპალიგის საგზურის მოპოვებამდე. წლეულს მიზნად სწორედ ეს აქვს. ამბობენ, რომ მინიმუმ შვიდეულში უნდა მოხვდნენ. იმედი მაქვს, კარგი ჩემპიონატი გამოვა როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად კლუბისთვის.

– იყო სხვა ვარიანტებიც?

– კი, იყო ვარიანტები იმავე პორტუგალიიდან, რუმინეთიდან… აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც იყო შეთავაზებები. ესპანეთიდან აქტიურობდა “მალიორკა”… ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ არ ღირდა ლოდინი და გადავწყვიტე, არ წავსულიყავი იმ ქვეყნიდან, რომელსაც უკვე ასე კარგად ვიცნობ.

– რა თქმა უნდა, პორტუგალიის პირველობის ელიტური ლიგიდან ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის ჯანსაღი ამბიცია გექნებათ…

– ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისევ გამომიძახონ საქართველოს ნაკრებში და გუნდს სარგებლობა მოვუტანო.