„სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა სტაბილურია,“ – ამის შესახებ ინფორმაციას ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ადასტურებს. მათი ინფორმაციით, დაშავებულები სამსუნის ორ საავადმყოფოში არიან განთავსებულნი და გენერალური საკონსულო სამედიცინო დაწესებულებებთან პირდაპირ კავშირზეა.
„დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. ისინი სამსუნის ორ საავადმყოფოში – სამსუნის სამეცნიერო-კვლევით საავადმყოფოსა და სამსუნის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკაში არიან განთავსებულნი. გენერალური საკონსულო პირდაპირ კავშირზეა სამედიცინო დაწესებულებების მკურნალ ექიმებთან და აკონტროლებს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი, რომლის საჭესთანაც საქართველოს მოქალაქე იჯდა, ქალაქ ქავაკიდან სამსუნში მიემართებოდა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.