,, ერთ-ერთ მთავარ მიღწევად თამამად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.- განაცხადა საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭაბტირაძემ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ. მისი თქმით – ,,მისასალმებელია კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლე – აღდგენის დროებითი უფლება, რისი მეშვეობითაც საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს ამ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის ვადაში მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც, რაც მნიშვნელოვანი ჩანაწერია.
გარდა აღნიშნულისა, კანონის მიღებას აქვს სხვა უამრავი დადებითი მხარე, კერძოდ; დიასპორას შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი პოტენციალი, ინტელექტუალური და კულტურული, ისე – ფინანსური და ეკონომიკური უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოში. უცხოეთში მცხოვრებ ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჩვენს თანამემამულეებს, მათი ინტერესისა და სურვილის შემთხვევაში გზას ვუხსნით უფრო მეტი ინტეგრირება მოახდინონ საქართველოში, როგორც ბიზნესის განვითარების კუთხით, ისე სხვა მიმართულებებითაც.
ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ცვლილებებს, რაც უდაოდ პოზიტიურია. კანონით გათვალისწინებული, საგამონაკლისო წესით მინიჭებისას მხედველობაში მისაღები პირობების ჩამონათვალი გაცილებით მეტ ადამიანს, მათ შორის ჩვენს თანამემამულს მისცემს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესაძლებლობას. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისათვის სახელმწიფო ინტერესის შეფასებისას, სხვა გარემოებათა შორის, მხედველობაში იქნება მისაღები შემდეგი გარემოებები: როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი. ასევე იგი სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო წავიდა ემიგრაციაში. – განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ .
Home დიასპორის ხმა განცხადება რა პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა ორმაგი მოქალაქეობისთვის საქართველოს კანონში