შეგვიძლია შევქმნათ სოციალური საცხოვრისის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება საბინაო ფონდი, რომელიც ადამიანებს საცხოვრისით დაეხმარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არაერთ მოქალაქეს აქვს საცხოვრისის პრობლემა. „არაერთ ჩვენს მოქალაქეს ჯერ კიდევ აქვს ელემენტარული საცხოვრისის პრობლემა. ამას მოწმობს ის წერილები და მოთხოვნები, რომლებიც მაჟორიტარ დეპუტატებს შემოგვდის.
ქვეყანაში კი გზებზე და ქალაქებში არის ისეთი შენობები, რომელთა კაპიტალური რემონტი და ბინების სახით გამოყენება შეუძლიათ მუნიციპალიტეტებს, შეუძლია მთავრობას, ეტაპობრივად. სოფლებშიც არის სახლები, რომელთა შესყიდვა და გამოყენება შესაძლებელია იმ ოჯახებისთვის, ვინც უსახლკაროდ არის დარჩენილი.
შეგვიძლია შევქმნათ სოციალური საცხოვრისის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება საბინაო ფონდი, მართვის სამართლიანი და გამჭვირვალე წესებით, რომელიც ადამიანებს საცხოვრისით დაეხმარება, სანამ მათ ეს სჭირდებათ.
სოციალური საცხოვრისის პროგრამები სხვადასხვა ფორმით არსებობს ავსტრიაში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, აშშ-სა და ბრაზილიაში, რუმინეთსა და უნგრეთში“, – განაცხადა თალაკვაძემ.