სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩომ აფრიკის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს უმასპინძლა

0
1271

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და საელჩოს დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უმასინძლა.

წელს, ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მოწვეული იყვნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზამბიის ელჩი ემანუელ მვამბა და მისი მეუღლე, აზერბაიჯანის საქმეთა დროებითი რწმუნებული აზადნაგიევი და მისი მეუღლე, ასევე, პრეტორიაში მცხოვრები საქართველოს მეგობრები.

ღონისძიებაზე დამსწრე თანამემამულეებს და სტუმრებს მიესალმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი. საკუთარ გამოსვლაში, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებზე და არსებულ პრიორიტეტებზე. საქართველოს საელჩომ ღონისძიებაზე დამსწრე პირებს შესაძლებლობა მისცა ეყურებინათ ქართველი დოკუმენტალისტის, ბატონ რამაზ ბლუაშვილის ფილმისთვის „სიმღერა“, რომელიც ასახავს 1977 წელს ნასას მიერ კოსმოსში გაშვებულ ხომალდ „ვოიაჯერზე“ განთავსებულ „ოქროს ნანაწერში“ ქართული ხალხური სიმღერის „ჩაკრულოს“ შეყვანის ისტორიას. ფილმზე საუბრისას, საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არის ამ ფილმის პირველი საზღვარგარეთული პრემიერა.

საელჩოში შეხვედრის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ქ. ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული კერძებითა და სასმელით.

(c) mfa.gov.ge