მანჰეტენის სასამართლომ ავთანდილ ხურციძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების თარიღი შეცვალა

0
5699

 ციხეში მყოფი ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის განაჩენი ორ დღეში გახდება ცნობილი. ამ ინფორმაციას თავად მსჯავრდებული ავრცელებს. სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ კომენტარში ნათქვამია, რომ სასამართლო 7 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე გაიმართება.

მანჰეტენის სასამართლოს მოსამართლე ქეთრინ ფორესთს სასჯელის ზომა 21 სექტემბერს უნდა განესაზღვრა, თუმცა მსჯავრდებულის ინფორმაციის მიხედვით, სხდომის თარიღი შეიცვალა.

შეგახსენებთ, ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად – „შულაია ენთერფრაიზად“ მოიხსენიებდა. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები. ე.წ. შულაია ენთერფრაიზის დაჯგუფების ლიდერად გამომძიებლებმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 40 წლის რაჟდენ შულაია დაასახელეს. 37 წლის ავთანდილ ხურციძე კი, მეტსახელად „ჩაქუჩა“ საბრალდებო მასალების მიხედვით რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში. შულაია და ხურციძე ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ მიმდინარე წლის ივნისში ერთად გაასამართლა. ნაფიცმა მსაჯულებმა შულაიას მსგავსად, (რომელიც რუსეთის მოქალაქეა) დამნაშავედ საქართველოს მოქალაქე, მოკრივე ავთანდილ ხურციძეც ცნეს.

მსაჯულებმა ხურციძეს ბრალი ორ მთავარ ბრალდებაზე – რეკეტსა და თაღლითობაზე დაუდასტურეს, რომელზეც ცალ-ცალკე მაქსიმალური სასჯელი 20 წლამდე პატიმრობაა. სასჯელის განსაზღვრა მოსამართლის დისკრეციაა. ქეთრინ ფორესთის მიერ, ორ დღეში, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ცნობილი გახდება ადვოკატების პოზიციაც. ივნისში, პირველი არხისთვის გაკეთებულ წერილობით კომენტარში ქართველი მოკრივის დამცველები აცხადებდნენ, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ავტორი – მარიამ ცარელაშვილი