საქართველოს ბინადრობის უფლებაში გადახდილი რამდენიმე ათასი ევრო და მოტყუებული თურქეთის მოქალაქეები

0
2911

თურქეთის მოქალაქე ამტკიცებს, რომ რამდენიმე ათასი ევროს სანაცვლოდ მას საქართველოს ბინადრობის მოწმობის დამზადებას და ევროპაში დასაქმებას დაჰპირდნენ, თუმცა თარჰანების ოჯახს ქვეყანა არ დაუტოვებია და არც ბინადრობის უფლება მიუღია.

მუსტაფა თარჰანის განცხადებით, მან საქართველოს მოქალაქე იანა ალახვერდოვას 9 ათასი ევრო საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა, 6 ათას ევროზე მეტი კი ნაღდი ფულის სახით. მუსტაფა თარჰანი თურქეთიდან მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ბათუმში 7 თვის წინ ჩამოვიდა. იანა ალახვერდოვა მეგობარმა გააცნო და უთხრა, რომ ფულის სანაცვლოდ ალახვერდოვა თარჰანების ოჯახს საქართველოში ბინადრობის უფლებას გაუკეთებდა, შემდეგ კი სამუშაოდ ევროპაში გაუშვებდა.გარიგება ჩაიშალა. თარჰანების ოჯახმა ვერც ბინადრობის უფლება მიიღო და ვერც ლიტვაში წავიდა. მუსტაფა თარჰანმა ადვოკატი აიყვანა და ალახვერდოვას გადახდილი თანხის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. თარჰანი ამბობს, რომ საქმეში ადვოკატის გამოჩენამ ალახვერდოვა გააღიზიანა და მას მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა.

საქმის გამოძიების მოთხოვნით მუსტაფა თარჰანი მთავარ პროკურატურას ორშაბათს მიმართავს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ თარჰანების ოჯახი ალახვერდოვას ერთადერთი მსხვერპლი არ არის და ამ საქმეში სხვა დაზარალებულებიც არსებობენ. იანა ალახვერდოვას ოფისი “კურიერს” დღეს დაკეტილი დახვდა. სატელეფონო საუბარში კი ალახვერდოვამ მუსტაფა თარჰანის ბრალდებები კატეგორიულად უარყო და თურქეთის მოქალაქეს ბრალდებებით უპასუხა. მისი მტკიცებით, თარჰანს 9 ათასი ევრო მისი ვალი ჰქონდა, რაც გადმოურიცხა.

წყარო : http://rustavi2.ge/ka/news/112995