სკოლების ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება განათლებისა და მეცნიერების თითქმის ყველა მინისტრის პროგრამაში ხვდება, თუმცა საკითხავია, პერიოდულად ხელფასის ზრდასთან ერთად, უმჯობესდება თუ არა განათლებისა და უსაფრთხოების ხარისხი სკოლებში.
AMBEBI.GE დაინტერესდა, რა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება საქართველოს სკოლების დირექტორთა ხელფასები და როგორია მათი ოდენობა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექციის, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზე, რადგან მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად საჯარო სკოლის ძირითად შემოსავალს, სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერი წარმოადგენს, რომელიც მასწავლებლის, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურებასა და კომუნალურ და სხვა მიმდინარე ხარჯებს ფარავს.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, დირექტორთა ხელფასების განსაზღვრა ასე ხდება:
1. თუ სკოლაში 40 მოსწავლეზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში დირექტორის ანაზღაურება 480 ლარს შეადგენს,
2. თუ სკოლაში 1 000 და მეტი მოსწავლეა, ამ შემთხვევაში დირექტორის ხელფასი 1300-2100 ლარის ფარგლებში მერყეობს.
უწყების ცნობით, დირექტორს საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წარდგენა შეუძლია:
“საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახითაა დაფუძნებული, აქედან გამომდინარე, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია, სკოლის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი განსაზღვროს და შესათანხმებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგინოს,” – განმარტავენ სამინისტროში. ambebi.ge